top of page

საქორწილო ტრადიციები -
ჟიულ მურიეს მიხედვით

ნიშნობა მოსახლეობის ყველა ფენაში განსაკუთრებული დღესასწაულია. ერთ საღამოს ფერუმარილით, ძვირფასი სამკაულითა და თავსაბურავით განსაკუთრებულად მორთული, მშობლებითა და მეგობრებით გარშემორტყმული ახალგაზრდა ქალი სადარბაზო ოთახში საქმროსა და მისი მშობლების მოსვლას ელოდება. ახალმოსულნი შემოდიან და ოთახის ერთ მხარეს სხდებიან. სასიძო ისევე მდუმარეა, როგორც საცოლე. შემოსულები ოფიციალურად ითხოვენ ქალიშვილის ხელს, რაზეც ქალის მშობლები პასუხობენ: „თქვენ ჩვენთვის მოსაწონი და პატივსაცემი ბრძანდებით“. ამის შემდეგ ქალ-ვაჟის მშობლები ერთმანეთს სამჯერ მიესალმებიან. ამ დროს სასიძოს მამა წამოდგება. მას ხელში ნიშნობის ბეჭედი უჭირავს, რომელსაც თავისი შვილის სახელით საპატარძლოს თითზე გაკეთებს. ამ საჩუქარს თან ერთვის ხატი და ქარვის მძივების ასხმა. ნიშნობა საზეიმო სადილით მთავრდება. თუმცა ხშირად ქორწილი ერთი, ორი ან სამი წლის შემდეგ იმართება. მთელი ამ ხნის განმავლობაში საპატარძლოს შეუძლია ცალკე ოთახში მიიღოს სასიძო.

და აი, ქორწილის დიდი დღეც დადგა. ჩვეულებრივ, ქორწილი სასიძოს ოჯახში იმართება. ვაჟის მშობლები და მეგობრები დილითვე მიდიან ქალის წამოსაყვანად, ხოლო სასიძო კი მოთმინებით იცდის შინ. 

ქორწილში უამრავი ხალხია დაპატიჟებული. სადღესასწაულო ტანსაცმელში გამოწყობილი სტუმრები ცხენებზე ამხედრებულნი მოდიან და თან მოაქვთ ყველანაირი საჩუქარი, ყველაზე ხშირად კი ფული, რომელიც გარკვეულ სესხს წარმოადგენს - შემოსული თანხა ზუსტად აღირიცხება და შემდეგში, შესაბამისი შემთხვევის მიცემისას, ოჯახი ზუსტად ამდენივეს გასცემს. 

საქორწილო ზეიმისათვის ღია ცის ქვეშ აკეთებენ ერთგვარ კარავს - ხის დაწნულ ტოტებზე ნაჭერია გადაფარებული, რომელიც შიგნიდან გაჩირაღდნებულია. კარავში ოთხივე მხარეს აწყობენ ორას ან სამას სტუმარზე გათვლილ გრძელ მაგიდებსა და სკამებს. მაგიდები იმდენად ვიწროა, რომ სტუმრები მის მხოლოდ ერთ მხარეს სხდებიან. შუაში დატოვებული თავისუფალი ადგილი ცეკვებისთვის არის განკუთვნილი. 

როდესაც პატარძლის მაყრიონი სახლს დაახლოებით ნახევარი ვერსის მანძილზე მიუახლოვდება, ერთ-ერთი მაყარი ცხენის ჭენებით დაწინაურდება და სასიძოს ოჯახს იარაღის სროლით აცნობებს პატარძლის მოახლოებას. ყველა დაფაცურდება, დედამთილი კი სახლის ზღურბლთან დგება ხელში ერთი ნატეხი შაქრით, რომ პატარძალს პირში ჩაუდოს და უსურვოს „ტკბილი ცხოვრება და ტკბილი ენა!“ ეს მშვენიერი ჩვეულებაა.

გლეხებში პატარძლის მზითვი მაყრიონს მიაქვს თან. მზითვი სიძისათვის განკუთვნილი გარკვეული რაოდენობის ნაღდი ფულის გარდა შედგება მყვირალა ფერებად შეღებილი და ჭედური ორნამენტებით მართული ხის სკივრებისაგან, რომლებშიც პატარძლის შეკერილი ლეიბები, ბალიშები, საბნები და თეთრეული აწყვია. მოსახლეობის შეძლებულ ფენებში მზითვს სიძის ოჯახში ქორწილის დილას ან წინა საღამოს აგზავნიან.

საქორწინო მაყრიონის მოახლოვების ხმა ისმის. წინ პატარძალი მოაბიჯებს, რომელსაც გვერდით მოჰყვება ოჯახის ძველი მეგობარი - ასაკოვანი ქალბატონი. ამ ქალბატონის ადგილს ზოგჯერ ძიძა იკავებს იგი მისთვის წინასწარ გამზადებულ ოთახში შეუძღვება, სადაც მას ჩააცვამს, დავარცხნის, ფერუმარილს წაუსვამს და ტუალეტის დამთავრების შემდეგ გარეთ გამოიყვანს. სიძეს მოიყვანენ და მაყრიონი ეკლესიისკენ მიემართება. ნეფე - დედოფალს უკან მიჰყვება მეჯვარე, რომელსაც ცერემონიის დროს ოქროს ფილიგრანითა და ჯვრით შემკული ორი საქორწინო გვირგვინი უჭირავს მათ თავზე. ამ დღიდან მეჯვარე ოჯახისა და, განსაკუთრებით, პატარძლის მეგობარი ხდება. სწორედ მან უნდა მონათლოს პირველი შვილი. 

ეკლესია ხალხითაა სავსე. იმ ადგილას, სადაც ნეფე-დედოფალი დგება, ვარდისფერი აბრეშუმის ხალიჩას აფენენ ზოგჯერ კი უბრალოდ ბურკას (ნაბადს). რელიგიური ცერემონია იწყება და მთელი ცერემონიის მანძილზე ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ კედლებს არ მივეყრდნოთ, რადგან ეს ცუდის მომასწავებელი ნიშანია. მშობლები დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალს ნეფე-პატარძლის ხელში სანთლების ალს - რომლის სანთელი უფრო გვიან დაიწვება, ის უფრო მეტხანს იცოცხლებსო. 

ჯვრისწერის დამთავრების შემდეგ ახალდაქორწინებულებს ყველა ულოცავს და ეკლესიიდან გადიან. ეკლესიის კართან დგას ორი სტუმარი ხელში გადაჯვარედინებული ხმლებით, რომლის ქვეშაც ჯვარდაწერილებმა უნდა გაიარონ. ამის შემდეგ იწყება მხიარული სიმღერები. დღესასწაულის ნიშნად იწყება თოფის სროლა და ყველანი მიემართებიან სახლისაკენ, სადაც დიდი ზეიმისათვის უკვე ყველაფერი მზად არის. სახლში შესვლის წინ ერთი მაყარი პატარძალს მიართმევს თანხას, რომელიც მისთვის შეაგროვეს სტუმრებმა. ახლო ნათესავები მას მიართმევენ სამკაულს, ქამრებს და სხვა. შემდეგ მოჰყავთ 7-8 წლის ბიჭი, რომელსაც კალთაში ჩაუსვამენ დედოფალს და ამ დღიდან იგი მისი აღსაზრდელი ხდება. 

ამის შემდეგ ნეფე-დედოფალი იმ დარბაზში შედის, სადაც სუფრაა გაშლილი, მაგრამ აქაც წესის დაცვაა საჭირო: ნეფე პატარძლის გვერდით ჯდება და მილოცვებს იღებს. ერთი უცნაური რამ - პატარძლისადმი მიძღვნილ სურვილებში, მას მხოლოდ ვაჟის გაჩენას უსურვებენ! შემდეგ აცხადებენ რომ სუფრა გაშლილია. ნეფე მიდის პატარძალი კი თვალებდახრილი ჩუმად ზის და ელოდება მის თანხმლებს საპატიო მანდილოსანს, რომელიც მას ააყენებს და იმ მაგიდასთან წაიყვანს სადაც ქმრის ნათესავები სხედან. ამ მაგიდასთან მამაკაცები არ დაიშვებიან. მხლებელი ქალბატონი ჩვეულებრივ უშნოა და ეშმაკი - იგი პატარძალს გვერდით მიუჯდება და მეორე გვერდით კი დამსწრეთაგან ყველაზე შეუხედავ ქალს მიუსვამს. პატარძალს პირბადე ჯერ ისევ უკეთია. მის გარშემო მისი ყველაზე ახლო მეგობარი ქალები სხდებიან. საზეიმო ვახშამზე, რომელიც მთელ ღამეს გრძელდება, უამრავ სადღეგრძელოს ამბობენ, უზომოდ სვამენ, თან მრავალჟამიერს მღერიან და პატარძალს უსურვებენ: „შენი ფეხი ბედნიერი იყოს! ღმერთმა ინებოს შენი ბედნიერება!“ მოსული და დამხვდური მაყრები ერთმანეთს სმაში ეჯიბრებიან და ყველა მათგან მოხარშული საქონლის ან ცხვრის უზარმაზარ ნაჭრებს მიართმევენ! ყველაზე საამაყო საქმედ 6-7 საათის განმავლობაში სუფრიდან აუდგომლად ღვინის სმა და სასმისის ბოლომდე გამოცლა ითვლება.

საზეიმო სუფრას აუცილებლად ხელმძღვანელობს ტოლუმბაში, რომელიც სადღეგრძელოებს სთავაზობს დამსწრეებს. შუა ვახშმისას საბრალო პატარძალს, რომელსაც ჯერ არაფერი უჭამია, არ გაუცინია და არავისთვის შეუხედავს, პირბადის მოხსნას რთავენ. იგი სუფრასთან კიდევ დაახლოებით ერთი საათი რჩება. შემდეგ მისი თანმხლები ქალბატონი დედისაგან პატარძლის საძინებელში წაყვანის ნებართვას იღებს, მაგრამ ისე, რომ ეს დამსწრეთაგან ვერავინ შენიშნოს. პატარძლისთვის მხოლოდ აქ მიაქვთ მსუბუქი ვახშამი, რის შემდეგაც ის წვება, მისი მხლებელი ქალბატონი კი კართან ნეფეს ელოდება. „რა მოგაქვს?“ - ეკითხება იგი სიძეს. ნეფე ქალბატონს რამდენიმე მონეტას ჩაუდებს და ოთახში შედის. საზეიმო სუფრა გრძელდება. 

განთიადზე სიძე ოთახიდან გამოდის და ლოგინში მისი ფინანსური მდგომარეობის შესაბამისად რამდენიმე რუბლს ტოვებს. პატარძლის თანმხლები ქალბატონი საძინებელში შედის და პატარძალს ჩაცმასა და მორთვაში ეხმარება. 

ქორწილის მეორე დღეს მარულა ეწყობა, გამარჯვებულებს პრიზებს გადასცემენ და შემდეგ ისევ სუფრას მიუსხდებიან. საღამოს მოახლოვებისას სტუმრები წასასვლელად ემზადებიან და მათ თან მიაქვთ ის, რისი ჭამაც ვერ მოასწრეს. ახალდაქორწინებულები მეჯვარეებსა და მშობლებს საჩუქრებს ჩუქნიან: ცხენები, იარაღი და სხვა.

ერთი კვირის შემდეგ საჩუქრებით დატვირთული პატარძლის თანმხლები ქალბატონი ახალდაქორწინებულების სახლს ტოვებს და შინ ბრუნდება. დგება განშორების გულისამაჩუყებელი სცენა. ამ ქალბატონის წასვლით ის უკანასკნელი ძაფიც წყდება, რომელიც პატარძალს მშობლების სახლთან აკავშირებდა. 

ამ დღიდან დაწყებული ერთი წლის განმავლობაში, ახალდაქორწინებული წყვილი მშობლების სრული მორჩილია და მათი თანდასწრებით ნებართვის გარეშე დაჯდომასაც კი ვერ ბედავს. პატარძალი, რომელსაც საოჯახო საქმეების გაძღოლა ევალება, ფერიასავით უსიტყვოდ შრომობს, თავისუფალ დროს ხელსაქმეს უთმობს და თავის ნახელავს მეუღლის მშობლებს ჩუქნის. 

ცოლ-ქმარი სახელებით არასოდეს მიმართავს. ისინი ყოველთვის ასეთ გამოთქმებს იყენებენ: „ჩემი შვილის მამა“, „ჩემი შვილის დედა“.

bottom of page