ქორწილი
ქორწინების რიტუალს ქართულ ადათ - წესებში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. სამეგრელოში ქორწილისათვის სეზონს, თვესა და დღეს განსაკუთრებული გულმოდგინებით ირჩევდნენ. ყველაზე კარგ დროდ ჭირნახულით მდიდარი შემოდგომა ითვლებოდა, მარხვაში ჯვრისწერა არ შეიძლებოდა. სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათს და კვირას, იგივე თახაშხა სამშაბათი, ცა{ა}შხა ხუთშაბათი, საბატონი შაბათი - დასაშვები იყო, ამ დღეებს „,გეკულა“ დღეებს უწოდებენ და სალოცავი რიტუალების ჩასატარებლად კარგ დღეებად ითვლებოდა, მაგრამ ჯვრისწერისათვის ყველაზე სასიკეთო და სასურველი კვირა იყო.
ჯვრისწერა ჩვეულებრივ ვაჟის სოფელში იცოდნენ, თუმცა, ზოგჯერ იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ჯვრისწერა ქალის სოფელში ჩატარებულა.
მამის, ძმისა და ბიძის როლი ჯვრისწერისას, ისევე როგორც ნიშნობაზე დიდია. მამა ან ბიძა მაყრით მიდიოდა ქალის წამოსაყვანად, ქალის ოჯახში გაშლიდნენ სუფრას და მაყარს დაიწვევდნენ. პატარძალი ამ დროს იმალებოდა და არ ეჩვენებოდა სასიძოს. ქალები შეუდგებოდნენ „მოჭყუდუს“ – პატარძლის მორთვას. საქორწილო ტანსაცმლის საუკეთესო ვარიანტი ქართული სარტყელ გულისპირიანი კაბა იყო.
სამეგრელოში გათხოვება თუ ცოლის მოყვანა ტრადიციულად მაჭანკლის გარიგებით ხდებოდა. ქალის მშობლები ოჯახში მოიწვევდნენ სასიძოს, რაც ადგილობრივ ენაზე - გინოძირაფა, თვალით გასინჯვას ნიშნავს. თუ ორივე მხარე თანახმა იყო, ხდებოდა გოგოს შანუა (ნიშნობა). დანიშნულ ქალს ერთი წელი ოჯახში ტოვებდნენ. რათა მზითი მოემზადებინა. ქორწილის დღეს მის ოჯახში იმართებოდა დიარა (საქორწილო სუფრა). სასიძო საპატარძოლოს მოსაყვანად გზავნიდა დადეს. მაყრიონის თავკაცად ძალზე ახლო ნათესავს ირჩევდნენ., რომლის სიტყვას შეუბრუნებლად ასრულებდნენ დანარჩენები. იგი მოვალე იყო მშობლების ოჯახში გამართული სმისთვის რაც შეიძლება მალე დაეღწია თავი და პატარძალი დროულად წაეყვანა.
სამაგიეროდ, მასპინძლები ცდილობდნენ, მაყრიონი დიდხანს დაერჩინათ და დაეთროთ. ქორწილში, მკაცრი ტრადიციული წესის მიხედვით, მაყრად მონაწილეობის მიღება ყველას როდი შეეძლო. ასეთი უნდა ყოფილიყო კარგი მხედარი, მომღერალი, მომლხენი და თავაზიანი პიროვნება. სამთავროში ასევე მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არც იცნობდნენ მაყრად ან მდადედ, მაინც იწვევდნენ. ასეთ საგანგებოდ არჩეულ ხალხზე იტყოდნენ: ორჯერ მეტი მაყრობა გადახდენია და აყალმაყალი არსად მოსვლიაო.
საქორწილო სამოსი გამოირჩეოდა ქსოვილის ხარისხით (შალი ან აბრეშუმი) და ფერით. ძირითად ფერს თეთრი წარმოადგენდა. ზოგჯერ წითელ ქვედა წელთან თეთრი ზედაწელის ჩაცმაც იცოდნენ და პირისფერ ან ცისფერ კაბაშიც ბევრს დაუწერია ჯვარი. საჯვრისწერო ტანისამოსში გამოწყობილ პატარძალს ჩამოაფარებდნენ საბურველს და ისე გამოიყვანდნენ. პატარძალს თავისი დადე და მაყრები მოჰყვებოდა. ქალის წაყვანამდე მოითხოვდნენ მზითევისა და ფულის ჩაბარებას... მეგრულად მზითევს „ოჭყუდური“ ჰქვია.
ძველად ჯვრისწერამდე სასიძოსათვის საპატარძლოს სახე დაფარული უნდა ყოფილიყო. სწორედ ჯვრისწერის დროს იცოდნენ სასიძოებმა უარის თქმა, როცა აღმოჩნდებოდა, რომ პატარძალი შეცვლილი იყო.
გზაში პატარძალი ცხენზე ამხედრებული და პირბადე ჩამოფარებული მოჰყავდათ, თან საქორწილო სიმღერას „კუნტა ბედნიერს“ (მოკლე ბედნიერას) მღეროდნენ. სიძის ოჯახში შესვლისას კი ცნობილი „კუჩხი ბედნიერს“ (ფეხბედნიერს) სიმღერას იწყებდნენ.
პატარძალს პირველი დედამთილი ეგეგბებოდა, რომელსაც ხელში ტკბილეულითა და ფეტვით სავსე ჯამი ეჭირა სიტკბოებისა და ნაყოფიერების ნიშნად გზადაგზა წინ უყრიდა.