მეცხოველეობა
მეცხოველეობა სამეგრელოში მეურნეობის ძირითადი და მრავალფეროვნებით გამორჩეული დარგი იყო. აშენებდნენ მსხვილფეხა (ძროხა, კამეჩი, ცხენი) და წვრილფეხა (ღორი, თხა, ცხვარი) პირუტყვს, აგრეთვე შინაურ ფრინველს (ქათამი, ბატი, იხვი, ინდაური, ციცარი). აღნიშნულ დარგთაგან ყველაზე გავრცელებული იყო მეძროხეობა, მეღორეობა, მეცხენეობა და მეთხეობა.
1804 წელს შედგენილს სამეგრელოს ოფიციალურ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ სამეგრელოში ბლომად ჰყავთ თხისა და ღორის ჯოგები, რომლებიც განსაკუთრებული მოვლის გარეშეც კარგად მრავლდებიანო.
სამეგრელოში მესაქონლეობასთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენები არქაულ ხასიათს ატარებდა, როცა ძროხა (ან კამეჩი) ხბოს მოიგებდა, მისი რძისა და ყველის გამოყენება არ შეიძლებოდა, სანამ მის რძეს არ დალოცავდნენ. არ „გაანთავისუფლებდნენ“, აღნიშნულ რიტუალს „მობენებას“ უწოდებდნენ.
ლოცვის დღეს დიასახლისი ხარშავდა ან აცხობდა ოთხ ყველიან კვერს ე· წ. ხვიანდს და ერთ ჭიქა ღვინოსა და ახლად ამოწურულ ყველთან ერთად დებდა გობზე. იქვე მიაკრავდა სანთელს და მიდიოდა ძროხასთან. ლოცვას დიასახლისის გარდა არავინ არ ესწრებოდა.
ადგილობრივთა რწმენა-წარმოდგენებით, მთავარანგელოზ მიქამ-გარიოსის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია საქონლის, მწყემსის და საერთოდ მესაქონლეობის მფარველობა იყო. მიქელ–გაბრიელ მთავარანგელოზის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ადამიანთა მფარველობაც წარმოადგენდა რაც ყველაზე უკეთ საოჯახო კულტებში აისახა.
არსებობდა პირუტყვის დასაცავად რიტუალები, რომლებიც „ჟინიში ორთას“ და „გალენიში ორთას“ სახელითაა ცნობილი. „გალენიში ორთას“ რიტუალს გაზაფხულზე ასრულებდნენ, და მიქელ-გაბრიელს შესთხოვდნენ ძროხების დაცვას ნადირისაგან. „ჟინიშის“ ლოცვაც საქონლისთვის იყო განკუთვნილი, ლოცვას, მას მაშინ ასრულებდნენ როცა „ახალი“ ციკნები ჰყავდათ, რუტუალი კვირა დღეს სრულდებოდა და ყველა გვარს თავისი ხე ჰქონდა ტყეში მიჩენილი ამ რიტუალის შესასრულებლად.
„ბერძენი მწერლები მილეთურ მატყლს საუკეთესოდ სთვლიდნენ. არკადიის მატყლთან ერთად ფრიად ფასობდა მატყლი ატტიკის და მეგარისისა, აგრეთვე მილეთელთაგან დაარსებული კოლონიების პირველ რიგში დიოსკურიისა, რომელიც, როგორც ჩანს, მატყლს ღებულობდა კოლხეთიდან, დღევანდელი სამეგრელოდან“.
ი. ბოჰმი