top of page

ნოდი

სამეგრელოში, სამეურნეო შრომის ორგანიზებისას პატარა ოჯახების უმრავლესობა, თუ ერთი უღელი ხარი მაინც ჰყავდა,  ხვნა-თესვას დამოუკიდებლად ახერხებდა. 

იმ შემთხვევაში, როდესაც მუშა საქონელი საერთოდ არ ჰყავდათ ან ცალი ხარი ჰყავდათ და ამიტომ  დამოუკიდებლად მიწას ვერ ამუშავებდნენ, მიმართავდნენ შრომის ორგანიზების გარკვეულ ფორმებს. შრომით გაერთიანებას სამეგრელოში უწოდებდნენ „ქალუსკვეთ, „ქალუსკვეთ ხოჯეფი“. 

შრომის ორგანიზებისას  რამდენიმე ოჯახი ერთიანდებოდა თავიანთი სახვნელი იარაღებითა და ხარებით და ერთად, რიგრიგობით ამუშავებდა ერთმანეთის მიწებს.

მუშაობისას კვების, დასვენებისა და შრომის დრო ზედმიწევნით იყო განაწილებული. ხვნისას  ქალი შრომაში ძირითადად არ მონაწილეობდა, მას  საჭმლის გამზადება და მინდორში მიტანა ევალა. საკვებად მიჰქონდათ - ჭადი, ყველი, ღომი, ლობიო. ხარებს სადილობის დროს ასვენებღნენ, აჭმევდნენ და  წყალს ასმევდნენ. 

სამეგრელოში, ისევე როგორც მთელს დასავლეთ საქართველოში შრომის ორგანიზების ფორმა იყო „ნოდი“, რაც გულისხმობდა მეზობელთა შორის შრომით ურთიერთდახმარებას, ანაზღაურების გარეშე. ამ დროს სამუშაოს პატრონი მოწვეულ პირთ, ჩვეულებრივ უმასპინძლდებოდა სამუშაო დღის ბოლოს. 

ყანის თოხნა განსაკუთრებით შრომატევადი სამუშაო იყო, ამის გამო ძირითადად ეწყობოდა ნოდი, რომელიც წარმოადგენდა სანაცვლო შრომას, რამდენიმე (5-6) გლეხი შეერთდებოდა და რიგრიგობით თოხნიდა ერთმანეთის მიწებს თანაბრად.  საჭმელი იმ ოჯახიდან მიჰქონდათ, ვის მიწასაც თოხნიდნენ იმ დღეს. სანაცვლო მუშაობაზე აგებული შრომითი გაერთიანება დამყარებული იყო ურთიერთშეთანხმებასა და თანასწორუფლებიანობაზე და არ ატარებდა რაიმე დაკანონებულ ვალდებულებათა ხასიათს. 

ნოდს მიმართავდნენ  მოსავლის აღებისას, სიმინდის რჩევის, ღომის ცეხვის დროს.  სიმინდის აღებასა და რჩევისას ნოდში ქალებიც მონაწილეობდნენ, ხოლო ღომის ცეხვისას ქალების ნოდი ეწყობოდა.

სიმინდის მოსავლის აღების დროსაც ნოდს მოიწვევდნენ ხოლმე. სიმინდის რჩევა, ჩვეულებრივ, ღამე ხდებოდა. უმთავრესად ახალგაზრდა ვაჟები და ქალები მოიყრიდნენ თავს და ანაზღაურების გარეშე ეხმარებოდნენ ოჯახს, მუშაობა შუაღამემდე გრძელდებოდა - „გვიან მასპინძელი აწყობდა ვახშამს, ამ დროს განსაკუთრებული მხიარულება იყო. მასპინძელი ვახშმად თიკანს ან გოჭს დაკლავდა. ასეთი ნოდი ყველა გლეხს  შეეძლო მოეწყო შეძლებულსაც და ღარიბსაც, მაგრამ განსხვავება იმაში იყო, რომ შეძლებულთან ნოდი გაცილებით მრავალრიცხოვანი იყო, ვიდრე ღარიბ გლეხთან.  

ნოდს ჰყავდა უფროსი, ხელმძღვანელი - ნოდის თავი, რომელიც თავისი შრომით სხვას მაგალითს აძლევდა, მუშაობის ტემპს არეგულირებდა, სიმღერას წარმართავდა და იგი განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდა როგორც ნოდის სხვა დანარჩენ წევრთა შორის, ისე მასპინძლის მხრიდან. 

შრომითი გაერთიანების ფორმებს შორის   ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო  გაჭირვებული ოჯახის და ქვრივ-ობლების დახმარება, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.  ასეთ დროს ხშირად მეზობლები თავინთი  საგზლითა და სამეურნეო იარაღებით მიდიოდნენ და ეხმარებოდნენ ხელმოკლე ოჯახებს.  სამეგრელოში შრომის ორგანიზაციის ამ ფორმას გამოხატავდნენ სიტყვით  - „შენწოობა“.

ნოდის (ნადს) იმთავითვე უკავშირდება ნადური - შრომისას ადამიანები მღეროდნენ,  ქართულ ფოკლორულ ხელოვნებაში ნადურ სიმღერებს განსაკუთრებული ადგილი უკავიათ. ეს სიმღერები შემორჩენილია აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში და იმერეთში, ნადური არის საერთო სახელი სიმღერებისა რომელიც კოლექტიური შრომის დროს (სიმინდის თესვა, თოხნა, გარჩევა) სრულდებოდა,  სახელწოდება „ნადური“ მომდინარეობს ამ სიმღერების შებსრულებელი კოლექტივის სახელწოდებიდან, „ნადი“.

ნოდში მუშაობა საპატიო და სასიამოვნო მოვალეობად ითვლებოდა, ნადში საგანგებოდ იწვევდნენ საუკეთესო მომღერლებს და მათ განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ.

 შრომის პროცესის შესაბამისად, ნადის მიერ შესრულებული სიმღერები – ნადურები იყოფა სხვადასხვა სახედ იმის მიხედვით, თუ რომელ სამუშაოსთან დაკავშირებით სრულდება ისინი - ყანური, ხელხვავი. ნადური სიმღერები გარკვეული რიგით სრულდებოდა.  ნადურებს შორის გამოიყოფა სიმინდის თოხნა-მარგვლის დროს შესრულებული „ყანური“, რომლებიც სხვადასხვა ვარიანტებით არის ცნობილი.

bottom of page