top of page

ახალი წლის დღესასწაული საზოგადოდ, მზის ღვთაების თაყვანისცემასთან იყო დაკავშირებული. მზე, როგორც სინათლისა და სითბოს მომცემი, ყველა ძველ კულტურულ ერებში უმთავრეს ღვთაებად ითვლებოდა, რომლის დღესასწაული დიდის ზეიმით იმართებოდა და, ახალი დროის, ახალი ათვლის დასაწყისიც იყო. ახალი წლის მიგებებას სამეგრელოში დიდი ზეიმით აღნიშნავდნენ და დღემდე კალანდის სახელითაა ცნობილი. 

სამეგრელოში ამ დღისათვის, ამზადებდნენ „ჩიჩილაკს“ ან „ქუჩუჩს“. ჩიჩილაკისათვის არჩევდნენ თხილის ან ძეძვის ხეს, რომელსაც რამდენიმე დღით ადრე მოჭრიდნენ გრძელ ტოტს და შეინახავდნენ. კალანდის წინა დღით ოჯახის უფროსი მამაკაცი შეუდგებოდა ჩიჩილაკის გაკეთებას. საჩიჩილაკე ჯოხს ჯერ ცეცხლზე გარუჯავდნენ, შემდეგ მას გარეკანს, რომ დარბილებულიყო და სათლელად ადვილი ყოფილიყო, შემოაცლიდნენ და დაიწყებდნენ გათლას. ჩიჩილაკის ნათალი უნდა ყოფილიყო გრძელი და ხუჭუჭა, რომელსაც „წილამური“ ეწოდებოდა. ჩვეულებრივ, ჩიჩილაკს აკეთებდნენ 1-2 მეტრი სიგრძისას, მაგრამ ზოგან, უფრო შეძლებულ ოჯახებში აკეთებდნენ გრძელ ჩიჩილაკს, რომელიც სახლის ჭერამდის აღწევდა. ჩიჩილაკის სილამაზე იყო მისი თეთრი და გრძელ-ხუჭუჭა წილამურები, რომელსაც „ბასილა“-ს წვერი ეწოდებოდა. 

ჩიჩილაკს თავი - ოთხად ჰქონდა გახლეჩილი და შიგ გაყრილი იყო ჯვარედინად წვეტიანი ოთხი ჯოხი, რომლის ოთხივე წვეტზე მიკრული იყო ანთებული სანთლები. ჩიჩილაკს ამკობდნენ ხილითა და ტკბილეულით: ვაშლებით, ბროწეულით, ჩამოჰკიდებდნენ ჩურჩხელებს, კანფეტებს და სხვა. ამასთანავე, ჩიჩილაკს ამკობდნენ აგრეთვე კაკლიან სუროთი,

IMG_5580_edited.jpg

წითელნაყოფიან კურკანტელათი, კუკუროიან თხილისა და დაფნის ტოტებით. ჩიჩილაკს გარშემო შემოახვევდნენ აბრეშუმის ძაფს, ჩამოჰკიდებდნენ ოქრო-ვერცხლის სამკაულებს, ფულებს და სხვა. ასე მორთულ ჩიჩილაკს ოჯახის უფროსი სახლის ერთ კუთხეში მიაყუდებდა. 

 

დიასახლისი ამ დროს აცხობდა საახალწლო კვერებს. ჯერ გამოაცხობდა ერთ დიდ ქონიან მჭადს, რომელსაც „ბასილა“-ს უწოდებდნენ. აცხობდნენ აგრეთვე ღორის ქონიან პატარა კვერებს და ამ კვერებს ოჯახის უფროსი ჩაალაგებდა გიდელში, მიიტანდა საწნახელთან და იქ ჩამოჰკიდებდა. შემდეგ გამოაცხობდნენ პატარა მოგრძო კვერებს ღორებისათვის და თაბახზე დაალაგებდნენ. ბოლოს დიასახლისი გამოაცხობდა მოგრძო პურს, „ღვეზელს“, რომელშიაც სდებდნენ „დაჯერჯილ“ (გამხმარ) კვერცხის გულს.

საკალანდო ხონჩაზე, რომელზეც სანთლები იყო მიმაგრებული. საახალწლო ღვეზელთან „ბასილასთან“ და კვერებთან ერთად აუცილებელი იყო მოხარშული ღორის თავიც.  როდესაც ჩიჩილაკიცა და ხონჩაც გამზადდებოდა, ოჯახის წევრები ერთად იწყებდნენ კაკლის მტვრევას და ბედ-იღბალზე მარჩიელობას. აიღებდნენ კაკალს, დაარქმევდნენ ვინმეს სახელს რაიმე ნატვრით და თუ გატეხილი კაკალი აღმოჩნდებოდა სავსე და მთლიანი, მაშინ ის სურვილი და ნატვრა იმ პირს შეუსრულდებოდა დამდეგ წელს; თუ არა - რჩებოდა გაცუდებული. 

ახალი წელი - კალანდა

bottom of page