დატირება
ქელეხი გათავდებოდა თუ არა, დაიწყებოდა მიცვალებულის დატირება. სახლიდან, სადაც მიცვალებული ესვენა, ყველას გამოიყვანდნენ ეზოში და პირველად ზარით დაატირებდნენ ჭირისუფალს, დედ - მამას დას, ძმას და სხვა. ესენი ორ-სამ კაცს შეჰყავდათ გაკავებული, რადგანაც ნიშნად დიდი მწუხარებისა, ისინი იგლეჯდნენ თმებს, იკაწრავდნენ სახეს და თავს მიწაზე ახეთქებდნენ. მათ შემდეგ რიგით ატირებდნენ დანარჩენ ჭირისუფალს. მოზარეები მონოტონური ვა, ვა, ჰო, ჰო შებანებით ჭირისუფალს ატირებდნენ მიცვალებულის კუბოსთან და შემდეგ ისევ გარეთ გამოდიოდნენ და ახლა სხვას ატირებდნენ და ეს გრძელდებოდა ბოლომდის. მერმე დაიწყებოდა შორიდან მოსული ნათესავებისა და სტუმრების დატირება კუბოს ეზოში დაასვენებდნენ. მოტირალი მას წრეს შემოარტყამდა და აქ უკანასკნელად მოთქმით ერთხელ კიდევ დაიტირებდნენ. ერთი ჭირისუფალთაგანი დედა ან და, მოთქმით დაიტირებდა მიცვალებულს, სხვები შეუბანებდნენ მას და ქვითინებდნენ. ხშირად იცოდნენ გამოპასუხებაც. ვინც ახალი მიცვალებულის პატრონი იყო, იგი დაატირებდა თავის მიცვალებულსაც და სთხოვდა საიქიოში წაეღო ამბავი და გადაეცა იმისათვის მათი უსაზღვრო ტანჯვა და მწუხარება. შემდეგ მიცვალებულს ცხენს შემოუტარებდნენ, ჭირისუფალიც ტირილითა და მოთქმით შემოუვლიდა მიცვალებულის კუბოს. ვისაც სასაფლაოზე წასვლა არ შეეძლო, იგი იქვე გამოეთხოვებოდა მიცვალებულს და ამის შემდეგ კუბოს წაასვენებდნენ სასაფლაოზე. მიცვალებულის გადასვენებისას, იცოდნენ ეზოში ხის მოთხრა, განსაკუთრებით, როდესაც გარდაიცვლებოდა ოჯახის უფროსი ადამიანი. თუ იგი მამაკაცი იყო, მაშინ ამოთხრიდნენ ვაზიან ხეს, უფროს ქალზე კი თუთის ხეს მოგლეჯდნენ. ამისათვის ეზოში ხეს აარჩევდნენ, ყველანი მიცვივდებოდნენ, ხეს მოთხრიდნენ ფესვებიანად და მას მიცვალებულის კუბოს სამჯერ შემოუტარებდნენ, შემდეგ წაიღებდნენ და საფლავზე დარგავდნენ. რაც უნდა ცუდი ამინდი ყოფილიყო, ჭირისუფალი მიჰყვებოდა მიცვალებულს სასაფლაომდე. მესაფლავეები გაჭრიდნენ საფლავს სოფლის სასაფლაოზე, სადაც თითოეულ საგვარეულოს თავისი კუთხე ჰქონდა გამოყოფილი. მესაფლავე არ შეიძლება ყოფილიყო მიცვალებულის ნათესავი, ირჩევდნენ უფრო შორეულ მოკეთეს ან მეზობელს. მიცვალებულის კუბოს სამარესთან დაასვენებდნენ და აქ უკანასკნელად ეთხოვებოდნენ მას ჭირისუფალ-მოკეთეები. შემდეგ კუბოს სამარეში ჩაუშვებდნენ და ყველანი მას თითო მუჭა მიწას მიაყრიდნენ და შენდობას ეტყოდნენ. ძმის საფლავზე მგლოვიარე და ერთ ნაწნავს მოიჭრიდა, მას ჯოხზე წამოაცვამდა და ამ ჯოხს ძმის საფლავზე დაარჭობდა. ზოგჯერ ამ მოჭრილ ნაწნავს და კუბოში ჩაატანდა, რაც „ჯიმაშენ თომაშ კვათუა“-ს სახელითაა ცნობილი. კაცები ნიშნად გლოვისა და მწუხარებისა, თმა-წვერს მოიპარსავდნენ, ქალები კი კისერთან თმას ორ ადგილას გამოსჭრიდნენ და ამის შემდეგ წლამდის თმასაც და წვერ-ულვაშსაც იზრდიდნენ და არ მოიკრეჭავდნენ.
დასაფლავების მეორე დღეს, სახლის ერთ კუთხეში გააწყობდნენ ტახტზე მიცვალებულის ტანისამოსს და ამ ნიშანთან დაიტირებდნენ მას, როდესაც ვინმე სამძიმრისათვის მოვიდოდა. წლამდის ყოველ შაბათს, მზის გადახრისას, მიცვალებულის ნიშანს კარში გაიტანდნენ და დაიტირებდნენ. მესამე დღეს იმართებოდა „კილეშ გონწყუმა“, რომ სახსნილო ეჭამა ჭირისუფალს და ამის შემდეგ მიცვალებულის მოკეთეებსა და მეზობლებს შეეძლოთ ხორცის ჭამა. ამ დღეს დაკლავდნენ გოჭს ან ქათმებს, დაიწვევდნენ მეზობელ-მოკეთეებს და ჭირისუფალს ხორცზე კბილს დაადგმევინებდნენ. ამის შემდეგ ყველანი პირს გაიხსნილებდნენ. თუ მარხვის დღე იყო, მაშინ თევზითაც შეიძლებოდა.
მიცვალებულის ცხენს წლის თავამდის არ ამუშავებდნენ და არც გაყიდდნენ, მას საგანგებოდ უვლიდნენ. ცხენი რომ არ დასუსტებულიყო და არ მომკვდარიყო, მას ყოველი 25 დღის შემდეგ შეულოცავდნენ „გალენიში“-ს. გამოაცხობდნენ „ხოზოკვარს“, დაკლავდნენ მამალს და „გალენიშის ორთა“-ს ლოცულობდნენ.
მეორმოცე დღეს, შაბათს გადაიხდიდნენ მიცვალებულის ორმოცს. ამ დღეს დაიწვევდნენ ნათესავ-მოკეთეებს, წაიღებდნენ ნიშანს სასაფლაოზე და იქ დაიტირებდნენ. წლამდის მიცვალებულის ოჯახში ტაბლა იდგა და მის კერძს აჭმევდნენ ბავშვებს ან მგზავრებს. მიცვალებულის პატრონიც წლის თავამდის შაბათობით არ მუშაობდა.
მიცვალებულის წლისთავი „მოწანუა“-ს სახელითაა ცნობილი. ამ დღეს ეწყობოდა „შაყრა“. წლის თავზე დაიწვევდნენ ნათესავ-მოკეთეებს, იკვლებოდა სხვადსხვა შინაური საქონელი და იმართებოდა დიდი ქელეხი. მიცვალებულის ნიშნის ტანისამოსს ჩალით ან ბამბით გატენიდნენ „ნიშანიში ძგიბუა“ და ჩაცმულ-დახურულ ნიშანს, როგორც ცოცხალ ადამიანს, დასვამდნენ ტახტზე. გარშემო ჭირისუფალი შემოუსხდებოდა და მას მოთქმით დაიტირებდნენ. შავად შემოსილ მიცვალებულის ცხენსაც სახლის ბოძზე მიაბამდნენ და დაიწყებოდა „შაყრაზე“ მომსვლელთა დახვედრა-მიღება. მიცვალებულის გამზრდელებს ძიძასა და მორდუს მოჰქონდათ „კილანტარი“ (კელაპტარი), რომელსაც აკეთებდნენ გრძელი ალვის ხისაგან. შეიძლებოდა სხვა ხეც, გარდა მუხისა, მხოლოდ რაც შეიძლება გრძელი უნდა ყოფილიყო. ამ გრძელ ხეს შემოახვევდნენ შავი და თეთრი ფერის გასანთლულ მიტკალს, ზედ მის წვერზე დააკრავდნენ ხისაგან გამოთლილ იხვის მაგვარი ფრინველის ქანდაკებას. გარშემო კილანტარს ანთებული სანთლები ჰქონდა გაკეთებული. ამ კილანტარს ეზოში დადგამდნენ და ერთ ადგილზე გაამაგრებდნენ. ამასთანავე ძიძასა და გამზრდელებს მოჰყავდათ შავად შემოსილი ბუღები – „სურდილი ხოჯეფი“. იყო შემთხვევა, რომ გამზრდელებს და მის საგვარეულოს მორდილის შეყრაზე მოჰყავდა ოცამდე ხარი, რომელსაც ზედ შავი ჰქონდა გადაფარებული, რქებზე ეკეთა ანთებული სანთლები და თავ-კისერზე კი ეკიდა რამდენიმე ასხმა წაბლი. ამ ხარებს ეზოშივე გაუშვებდნენ. ხალხი ხარებს შემოაცლიდა წაბლს. შემდეგ ამ ხარებს დაჰკლავდნენ და შეყრა-დღეს ხალხს უმასპინძლდებოდნენ. თუ მიცვალებული ქალი იყო, მას შეყრა დღეს ძროხას დაუკლავდნენ.