სამოსი ჟიულ მურიეს მიხედვით
მეგრელი ქალები ამართლებენ თავის რეპუტაციას - შავგვრემანი თუ ქერა, თითქმის ყველა ლამაზია. აბრეშუმივით რბილი, ხშირი, შუაზე გაყოფილი თმა გრძელ ნაწნავებად ეცემათ მხრებზე. მკაცრი და სწორი შუბლი აქვთ; ოდნავ მორკალული წარბების ქვეშ მრგვალი თვალები უბრწყინავთ; ხშირი და გრძელი წამწამები ლოყებზე ჩრდილად ეფინებათ მათ არწივისებური ცხვირი და პატარა კოხტა ყურები აქვთ. ძირითადად ფერმკრთალებს სახეზე ოდნავ ავადმყოფური ფერი დაკრავთ. მსოფლიოში ყველაზე თეთრი ჩაწიკწიკებული კბილები აქვთ და ტუჩების კუთხეებში კი მსუბუქი ნაოჭები, რომლებიც სახეს ამაყ გამომეტყველებას აძლევს. მათი ღიმილი მომხიბვლელია. მეგრელი ქალები მაღლები არიან, გამოირჩევიან კარგი აღნაგობით, მაღალი მკერდით, რომელიც არასდროს არის კორსეტში გამომწყვდეული და განვითარებული თეძოები აქვთ, რაც მიანიშნებს დედობისადმი ბუნებრივ მიდრეკილებას. ლამაზი მკლავები და თხელი მტევნები აქვთ, რომლებსაც ძალიან უვლიან. ყოველ სიტყვას თან ახლავს ჟესტიკულაცია და მიმიკა. ტკბილი ხმა აქვთ და ხმას იშვიათად უწევენ, რადგან ხმადაბალი საუბარი კარგ ტონად ითვლება. პატარა ფეხებს ყოველთვის მალავენ, ტახტზე უდარდელად მოკალათებულები წამოდგომისას კატის მოქნილობასა და გრაციოზულობას ამჟღავნებენ. რევერანსის გაკეთებაში განსაკუთრებით დახელოვნებულნი არიან. ქალბატონები შეხვედრისას ერთმანეთს მხრებზე ან წელზე შემოხვევენ ხოლმე ხელს. გლეხის ქალებსაც კი, რომლებიც ფეხშიშველები დადიან კარგი გარეგნობა აქვთ; მათ ბუნებრივ წარმოსადეგობაში არაფერია ხელოვნური; ოდნავ პრანჭია ქცევის მანერა აქვთ, მაგრამ უნაკლოდ ტაქტიანები, საოცრად ყურადღებიანი და თავაზიანები არიან სტუმრებისა და მეგობრების მიმართ. მეგრელი ქალები საოცრად კეკლუცები არიან და ფერ-უმარილი მათი ტუალეტის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. უხვად იპკურებენ პაჩულის წყალს. ტუალეტს რაც შეეხება, მეგრელები ჭაღარა წვერსა და თმას ადვილად იღებავენ ირანული მცენარეული ფხვნილებით.
ინისა და ბასმის განსაზღვრული პროპორციებით შერევისას წითურიდან მუქ შავამდე ნებისმიერი სასურველი ფერის მიღება შეიძლება, თუმცა ეს პროცესი საკმაოდ გრძელი და რთულია. ფხვნილს ცხელ წყალში ხსნიან და ერთგვარ სქელ მასას იღებენ, რომელსაც ცხელს ნელ-ნელა და თანაბრად ისვამენ ხის პატარა ბრტყელი ჯოხის დახმარებით. სახეს, კისერსა და ყურებს ქაღალდით იფარავენ მასის თავზე წასმის შემდეგ ზემოდან იფარებენ პაპიროსის ქაღალდის დიდ ფურცლებს, შემდეგ ერთ ფენა ბამბას და ნაჭრით იკრავენ ასე ჩერდებიან ორი საათით. შემდეგ ცხელი წყლითა და საპნით თავს კარგად იბანენ და ერთ ჭიქა წითელ ძმარს ივლებენ. მიღებული თმის ფერი იმდენად მდგრადია, რომ ერთი თვის განმავლობაში ამ პროცესის განმეორება საჭირო აღარ არის. ასე შეღებილი თმა განსაკუთრებული ელვარებით გამოირჩევა.
აქაური ქალები თანდათანობით იხიბლებიან უცხოური სიახლეებით და ქალის ტრადიციული ელეგანტური კოსტუმი, სამწუხაროდ, ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა. ოქროსფრად დაქარგული ჟაკეტი, წითელი აბრეშუმის კაბა ბეწვით გაწყობილი ქათიბი, გრძელი სარტყელი თანდათან ადგილს უთმობს პარიზულ თავსაბურავებსა და მანტოებს. მოდის დემონმა ყველგან შეაღწია და ორიგინალობისა და ეროვნულობის ნიშანი გააჩანაგა.
ქალების ტანსაცმელი ასეთია - პერანგი არ აცვიათ, პერკალის კოფთა წინ გახსნილია; მკვიდრად ნაქსოვი ტილოს გრძელი ქვედა საცვალი წელზე და კოჭებთან მჭიდროდ აქვთ შეკრული; ზოგჯერ კაბის ქვეშ ჩასაცმელი რუშებიანი ქვედაბოლო აცვიათ; კაბას გრძელი შლეიფი აქვს, რომელიც მიწაზე მისდევს და რა ამინდიც არ უნდა იყოს მას ზევით არ ასწევენ; თავზე ახურავთ დიდი თეთრი ან ზოლიანი ლეჩაქი, რომელის ტოტებიც მხრებზე აქვთ გადადებული.
მეგრელ ქალებს ჭრელი და მყვირალა ფერები მოსწონთ, კაბისათვის დაჩითულ და ყველაზე ჭრელ კრეტონის ქსოვილებს იყენებენ. სამკაულად ქარვის მსხვილი ყელსაბამები და სხვადასხვა ბიჟუტერია აქვთ.