ქელეხი
ადამიანის გარდაცვალების მწუხარებას სამეგრელოში განსაკუთრებული გლოვით გამოხატავენ. შეკივლება, ხმამაღალი ტირილი, მოთქმა და თმების გაშლა დამახასიათებელ მოვლენას წარმოადგენს მეგრული ტირილისათვის. მომაკვდავ ადამიანს ხელში მისცემენ ანთებულ სანთელს, კარ-ფანჯრებს გააღებენ, რომ მიცვალებულის სული დაუბრკოლებლივ გავიდეს სახლიდან და საიქიოში გაემგზავროსო. ადამიანის სული მათ წარმოდგენილი აქვთ ჩიტის სახით და იგი თავისუფლად გადაფრინდება საიქიოშიო. ჭირისუფალი სახლიდან კარში გადის, აქ დასხდებიან და დაიწყებენ მოთქმით ტირილს, მაგრამ სანამ მომაკვდავი სულს არ განუტევებს კივილს ვერ ბედავენ, იტყვიან – „ვაშინერსია“. სულთ-მებრძოლთან რჩება ორი ადამიანი, რომელიც მიცვალებულს თვალებს დაუხუჭავს და პირისახეს გაუსწორებს. გარდაიცვლება თუ არა ადამიანი, მაშინვე ჭირისუფალი ასტეხს საშინელ კივილს, კაცები კი ხმამაღლა მოსთქვამენ. ტრადიციის მიხედვით მიცვალებულის ლოგინს მაშინვე მოარღვევენ და მას სხვაგან გადაასვენებენ. კივილით სოფელი იგებს ადამიანის გარდაცვალებას და ყველანი გამორბიან მიცვალებულის ოჯახში, სტირიან მოთქმით და ხელებს თავ-პირში იცემენ. ნიშნად დიდი მწუხარებისა დედა და დები ლოყებს დაიკაწრავენ და თმებს იგლეჯენ. იმავე დღეს ნათესავ-მოკეთეებში აგზავნიან „მაგინაფალს“, რომელიც აცნობებს მათ გარდაცვალების ამბავს. წინათ „მაგინაფალს“ ზურგზე ტომარა ეკიდა თურმე, ხელში ეჭირა ჯამი, მივიდოდა ოჯახში და აცნობებდა მიცვალებულის ტირილის დღეს და თან ლობიოს წამოიღებდაო. ამბის მიმტანი – „შემაცხადაფალი“ მარტო არ მივიდოდა ოჯახში, იგი ვინმეს მიიყვანდა და ამბავს შორიდან მოჰყვებოდა, ბოლოს მიახვედრებდა მათ, თუ რა უბედურება ეწია ოჯახს. ამის გაგონებაზე აქაც ატყდებოდა წივილ- კივილი, ტიროდნენ მიცვალებულს. მეზობლები თავს მოიყრიდნენ და ანუგეშებდნენ მწუხარეებს. მესამე ან მეოთხე დღეს შეუდგებოდნენ მიცვალებულის გასვენების თადარიგს. მსუდრავები მიცვალებულს დაბანდნენ, ჩააცვამდნენ მას ახალ ტანისამოსს და კუბოში ჩაასვენებდნენ. შიგ ჩაატანდნენ ყველაფერს, რაც მას სიცოცხლეში უყვარდა; ქამარ-ხანჯალს, ფულს, თამბაქოს, სასმელს ბოთლით ჩაუდგამდნენ, და სხვა. კუბოს თავთან დასდგამდნენ პატარა მაგიდას, რომელზედაც ენთო სანთელი, ეწყო პური, მარილი და ღვინო. ტირილის დღეს მიცვალებულის ეზოს ერთ მხარეში ცეცხლს დაანთებდნენ, შედგამდნენ ქვაბებს, რომლებშიაც იხარშებოდა: ლობიო, ბრინჯი, ღომი და სხვა სამარხვო საჭმელები. დამხმარე პირთა შორის სამუშაო და მოვალეობანი განაწილებული იყო: ერთი ჯგუფი მზარეულობდა, მეორე ჯგუფი ასრულებდა მერიქიფეს მოვალეობას, და მას ებარა სასმელი და ჭურჭელი. მესამეს დავალებული ჰქონდა მოტირალი სტუმრების დახვედრა და მათი პატივისცემა. მეოთხეს სტუმრების ბარგის, ცხენებისა და ხარურმების მეთვალყურეობა და სხვა. ტირილის დღეს მოიწვევდნენ მოზარეებს, რომელიც შესდგებოდა ოთხი-ხუთი კაცისაგან. ერთი იყო დამწყები, მეორე - წვრილი, დანარჩენები კი მებანეები. ტირილის დღეს დილიდანვე დაიწყებოდა ხალხისა და მოტირალთა დენა. ნიშნად მწუხარებისა, ჭირისუფალი თმას გაიშლიდა და ისე დასტიროდა მიცვალებულს. თმის გაშლის დროს, ვისაც ძმა ცოცხალი ჰყავდა, იგი გაშლილ თმაში გაუშვებდა იმდენ წვრილ ნაწნავს, რამდენიც ძმა ჰყავდა. ეს თმაგაშლილი ქალები მოუსხდებოდნენ მიცვალებულის კუბოს ორ მწკრივად. პირველ რიგში ისხდნენ: კუბოს თავთან დედა და გამზრდელები, დები, ფეხებთან ჯდებოდა ცოლი. მეორე რიგში კი ახლობელი ნათესავები ისხდნენ. ეზოში დააყენებდნენ შავად შემოსილ მიცვალებულის ცხენს, თუ მამაკაცის იყო, დაადგამდნენ მამაკაცის უნაგირს, ქალისას ქალის უნაგირს. ჩვეულებრივ, ძიძის შვილებს ეჭირათ ორი ცხენი, ერთი კაცის უნაგირით იყო შეკაზმული, მეორე კი ქალისა, ცხენებზე შავი მიტკალი იყო გადაფარებული. იქვე იდგა მაგიდა, რომელზედაც ელაგა მიცვალებულის ვერცხლის სამკაულები.
შუა დღისას გაიმართებოდა ქელეხი სამარხვო საჭმელებით. თუ კარგი დარი იყო, ხალხს ეზოში დასვამდნენ, სადაც გამართული იყო ფიცრის მაგიდა-სკამები და ყველას ჩამოურიგებდნენ სათითაოდ ნახევარ პურს, ლავაშს, შემდეგ ლობიოს, ფლავს და სხვა სამარხვო საჭმელებს. მეღვინეები ხელში საღვინე დოქითა და ჭიქებით ყველას ჩამოუვლიდნენ და შეასმევდნენ მიცვალებულის შესანდობარს. ქელეხის გათავებამდის, ტირილი არ დაიწყებოდა.