top of page

დაკრძალვა

სამეგრელოში დაკრძალვისა და გლოვის წესები უშუალოდაა დაკავშირებული სიკვდილის, საიქიოსა და სულის შესახებ რელიგიურ-მითოლოგიურ რწმენა-წარმოდგენებთან, რაც ექსპრესიული ხასიათით  სამეგრელოს გამოარჩევს საქართველოს სხვა დანარჩენი კუთხეებისაგან.

სამეგრელოში გავცელებული წესებით, გარდაცვლილს ყველა ნათესავმა და ნაცნობმა უნდა სცეს პატივი დაკრძალვაზე მისვლით და დასწრებით. ადრე შავებში ჩაცმული ნათესავები აუცილებლად ჩამოდიოდნენ შორეული სოფლებიდანაც, რომელთაც თან მხლებლები ახლდათ,  ცხენოსნები და ქვეითი ხალხი.  პროცესიას წინ მიჰქონდა შავი ნაჭრებით მორთული დიდი კელაპტარი. წესის ასაგებად იწვევდნენ სასულიერო პირს. 

დაკრძალვის დღეს იცოდნენ მოზარეების მოპატიჟება, რომლებიც ოთხი-ხუთი კაცისაგან შედგებოდა, მოზარენი შეიძლება ყოფილიყვნენ თანასოფლელები ან სხვა სოფლებიდანაც.  ამავე დღეს  ეზოში მიცვალებულის შავად შემოსილ ცხენს დააყენებდნენ.   გლოვა სამეგრელოში ხანგრძლივი იცოდნენ, ახლობლები ძაძებს იმოსავდნენ და მარხვასაც იცავდნენ.  

ადგილობრივი რწმენა-წარმოდგენების მიხედვით, გარდაცვლილთა სულებს ისევე ესაჭიროებათ საკვები, როგორც ცოცხლებს. ამიტომ მათთვის დაწესებულია სამგლოვიარო სუფრები ე.წ. „რიგები“ (იგივე „ხარჯები“). სანამ სუფრაზე მიიპატიჟებდნენ სტუმრებს, მათ ხელს  წყალნარევი ღვინით გადააბანინებდნენ. 

მთელი წლის მანძილზე პერიოდულად  მიცვალებულის მოსახსენებელი დღეები იყო და ცდილობნენ ყველა წესი შეესრულებინათ, რადგან მიაჩნდათ, ეს ყველაფერი გარდაცვლილს სამოთხეში დასამკვიდრებლად ეხმარებოდა. 

პირველი ასეთი სუფრა   დაკრძალვის  დღეს იმართებოდა, ე.წ. ქელეხი. სეფაში გაშლილი სუფრა სამარხვო იყო, ძირითადად მჭადი, ლობიო, თევზი, მწვანილი,  ღვინო და წადილი.

 სამგლოვიარო სუფრაზე ღვინისის სმისას, მიცვალებულს შენდობასა და სამოთხეში დამკვიდრებას უსურვებდნენ.  გარდაცვალებიდან მეცხრე დღეს იცოდნენ „მკლავის ახსნა”. მიცვალებულის სახელზე ხბოს ან ცხვარს კლავდნენ. რიტუალურ დღეებზე მზადდებოდა საკურთხი სუფრა,  ამ სუფრსთვის ამზადებდნენ კერძებს:  იხვს, წიწილას, შემწვარ გოჭს,  ხაჭაპურს (კვარი), მაგიდაზე დგამდნენ დოქს ღვინით, წყალსა და პურს. ანთებდნენ სანთლებს და აკმევდნენ საკმეველს.  

სამეგრელოში, ისევე როგორც, საქართველოს სხვა კუთხეებში, მიღებული იყო გარდაცვალებიდან მეორმოცე დღის აღნიშვნა, ერთი წლის თავზე კი იხდიდნენ წლისთავს, ეპატიჟებოდნენ მეზობლებსა და ნათესავებს და შლიდნენ სუფრას. 

ძველად, მამაკაცის წლისთავზე სამეგრელოში (ისევე როგორც აღმოსავლეთ საქართველოს მთაში) გაიმართებოდა „მარულა“ დოღი, რომელშიაც მონაწილეობას იღებდა ყველა, ვისაც მიცვალებულის პატივისცემა სურდა. 

ამ წესების უმრავლესობა, სამეგრელოში დღემდე უცვლელადაა შემონახული.

„სამეგრელოში გარდაცვალებულის სულისათვის მიაქვთ სასმელ-საჭმელი. ამბობენ, რომ ღამე მოდის და მიირთმევსო. მე ვეკითხებოდი: როგორ შეიძლება სული მოვიდეს და ჭამოს-მეთქი. ისინი ასეთ პასუხს იძლეოდნენ რამდენჯერაც საჭმელი დაგვიდგამს: იმდენჯერ საჭმელი აღარ დაგვხვედრია, მაშასადამე, სულს უჭამია და, ცხადია, ადგილზე აღარ იდგმებოდაო. ამაზე არ ვიცოდი, რა მეპასუხა ასე ამბობდნენ; ატეი ზეზ ვენ!, რაც ნიშნავს: ასეთია ჩვეულება...“

ჯუზეპე ჯუდიჩე მილანელი, იტალიელი მისიონერი,  XVII საუკუნე

bottom of page