მეკვლეობა
ახალი წლის წინა ღამეს, ოჯახის მეკვლე უფროსი მამაკაცი ჩიჩილაკსა და ხონჩას სახლიდან გაიტანდა მარანში ან სხვა რომელიმე უფრო მოშორებით მდგარ სადგომში და თვითონაც იქ დაიძინებდა. ახალი წლის დილას, გათენებისას, როდესაც სოფელში თოფების სროლა ატყდებოდა, მეკვლე დაიჭერდა ჯამს, რომელშიაც იყო ღომის მარცვალი და ზედ კვერცხი, როგორც სიცოცხლის სიმბოლო, მეკვლე ხელში ჩიჩილაკითა და ჯამით შემოუვლიდა ეზო-კარ-მიდამოს და დაილოცებოდა. მიადგებოდა საცხოვრებელ სახლს და კარებზე სამჯერ დააკაკუნებდა და სამჯერ იტყოდა: „კარი გამიღეო“. თეთრებში გამოწყობილი დიასახლისი დაკეტილი კარებიდან უპასუხებდა: „ვინა ხარ, რა მოგაქვსო?“ მეკვლე სამჯერ უპასუხებდა: „წმინდა ბასილის წყალობა, ოჯახის მშვიდობა, ოქრო, ვერცხლი, პირუტყვის გამრავლება, აბრეშუმის ჭიის ყოფნა“ და სხვა.
შინ შესული მეკვლე ჩიჩილაკით ხელში და ღომის მარცვლის თესვით დაუვლიდა სახლს და დაილოცებოდა. დასასრულს, მეკვლე ჩიჩილაკს თაროზე მიაყუდებდა, იქვე ჯამს მიუდგამდა და მოუჯდებოდა საახალწლო სუფრას, რომელზედაც ელაგა ღორის თავი, ბასილა თავისი ხაჭაპურ-კვერებით, ხილი, ტკბილეული და სხვა. ამის შემდეგ, ოჯახის წევრებს შეეძლოთ ადგომა და მათ საუზმის წინ მეკვლე ტკბილეულით „დააბერებდა“ და ახალ წელსაც მიულოცავდა.
ახალი წლის დილას მეკვლე პირველად შევიდოდა მარანში, სადაც ეკიდა გიდელი საახალწლო კვერებით, ჩამოიღებდა ამ გიდელს, საწნახელს მიარტყამდა და დაიძახებდა: „ჩქიმ მამული ხარგელია, შხვაშ მამულს ფურცელია“-ო (ჩემი მამული ჭირნახულით დაზვინული, სხვისი კი აჩალულიო). ზოგან, სადაც ვაზი ხარობდა, იტყოდნენ: „ჩქიმი ყურზენი ტიანია. შხვაშ ყურზენს ფურცელია“-ო. (ჩემი ვაზი მტევნიანი, სხვისი მხოლოდ ფოთლიანიო). ამის შემდეგ საწნახელს მიადგებოდნენ ბავშვები, ურტყამდნენ მას ჯოხებს და იმეორებდნენ მეკვლეს სიტყვებს. მარნიდან მეკვლე კვერებით მივიდოდა საღორესთან და აქ დაილოცებოდა ღორების გამრავლებაზე. დასასრულს, ამ კვერებს მაღლა აისროდა, ბავშვები კვერებს აკრეფდნენ და ვინც მეტს გაიტაცებდა, იმ წელიწადს გამარჯვებული ის იქნებოდა.