First-foot
ფერხაობა -კუჩხა
კუჩხას ტრადიცია სამეგრელოში დღემდე გრძელდება და მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს როგორც ახალი წლის სარიტუალო ციკლისთვის, ასევე მნიშვნელოვან ცოცხალ კულტურას წარმოადგენს ეთნოგრაფიული კულტურულისა და არამატერიალური მემკვიდრეობისთვის. ამ დღეს ოჯახში მისულმა ყველა სტუმარმა თან უნდა მიიტანოს ნებისმიერი მწვანე მცენარის ახალამოყრილი ყლორტი, რომელიც სიცოცხლისა და გაზაფხულის სიმბოლოდ ითვლება. როგორც სამეგრელოში ამბობენ, შემოდგომით მიჩუმებული ბუნება სწორედ “კუჩხადან” იკრებს ახალ ძალებს.
კუჩხა-დილას აცხობდნენ ქათმის კვერებს, რომელსაც აჭრელებდნენ ქათმის ფრთით და იტყოდნენ: „ბრუიშიე ჩელაია ჩეთ მომიხრიალე ოშ-ათას ჩქიმი თისი, ართი მეზობელიშ თის“-ო (ბრუშიე თეთრებო, თეთრები მომგვარე, ასი ათასი ჩემს ოჯახშიო, ერთი მეზობლის ოჯახსაო). სახლის ჭერზე ისროდნენ ცომის პატარა გუნდებს, სიმინდის ბევრი მოსავალი იქნებაო, იქიდან ჩამოვარდნილი ნამცეცების მიხედვით ამბობდნენ წიწილები რამდენი გვეყოლებაო. შემდეგ წიწილების ამ კვერებს ღომის მარცვლიან ჯამზე დაალაგებდნენ, ღომს სახლში სთესდნენ და იმავე სიტყვებს იმეორებდნენ ქათმების გამრავლებაზე. შემდეგ შემოვიდოდა ოჯახის მეკვლე, რომელიც დაილოცებოდა ქათმების გამრავლებაზე, სახლს სამჯერ შემოუვლიდა და კრუხივით კრუსუნებდა. მეკვლეს მუჭით ფეტვი ეჭირა, მას უკან ბავშვები მისდევდნენ და წიწილებივით წიოდნენ. ფეტვიან მუჭას მეკვლე წყალში სამჯერ ჩაყოფდა და სინჯავდა, თუ ფეტვი მშრალი იყო, წელიწადი ტაროსიანი იქნებაო, თუ სველი, მაშინ იტყოდნენ ავდრიანი იქნებაო.