დიხა-გუძუბა
დიხა გუძუბები - სამეგრელოში, კოლხეთის დაბლობზე არსებული ძველი, ბრინჯაოს ხანის სამოსახლო, ხელოვნურად გამართული სამოსახლო გორაკებია, რომელიც სხვადასხვა ადგილასაა აღმოჩენილი და მიკვლეული. ეარექოლოგიური აღმოჩენებიდან რთ-ერთი ადრეული ასეთი ნასახლარი, მეოცე საუკუნის 30-იან წლებში შეისწავლეს ანაკლიასთან.
მდინარე ენგურის შესართავთან მდებარე ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი ბორცვი დიხა-გუძუბა, 1935 - 1936 წლებში შეისწავლა ბ. კუფტინმა და ბორცვის ცენტრალურ ნაწილში გაჭრილმა თხრილმა 4 კულტურული ფენა გამოავლინა. ბორცვი ხელოვნურია სიმაღლით - 2 მ. და გარემოსაგან ორი თხრილითაა გამოყოფილი. არქეოლოგიურ ობიექტის I-ში აღმოჩნდა ხელით ნაძერწი კერამიკა და მეტალ წარმოების ნაშთები (ბრინჯაოს ჩამოსასხმელი ყალიბები, წიდა). ეს ფენა თარიღდება ადრინდ. ბრინჯაოს ხანით, (ძვ. წ. III–II ათასწლეულთა მიჯნა). ამ პერიოდის არქეოლოგიური მასალა საკმაოდ მწირია, კერამიკა ხელით ნაძერწია, გამომწვარია ნაცრისფრად და კარგად მოგლუვებული ზედაპირი აქვს. ამ ფენას მიეკუთვნება რამდენიმე ტიპის თხელკეციანი ჭურჭლებიც.
II–III ფენები შუა ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება (ძვ. წ. XVIII– XV სს.). ამ ფენებში აღმოჩნდა ხის ძელურ ნაგებობათა ნაშთები, მდიდრულად ორნამენტირებული თიხის ჭურჭელი, ქვის ინვენტარიდან აღსანიშნავია კაჟის სამკუთხა ფორმის ყუნწიანი ისრისპირი და სეგმენტის ფორმით დაკბილული ნამგლის ჩასართი. მნიშვნელოვან აღმოჩენებს შორისაა ყალიბი, თიხის ორნამენტირებული ბურთულა და წყვილ ზოომორფულ თავიანი ლითონის ქინძისთავი.
არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი მასალები ზუგდიდის მუზეუმის ფონდებშია დაცული და მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღმოჩენილი სანოვაგის დანახშირებული გროვები, როშელშიც გამოირჩევა შემგროვებლობის პროდუქტების: წაბლის, თხილის, რკოს ნაყოფები და პრასის მარცვლები და კულტურული მარცვლეულიდან: ფეტვი და პურის მარცვალი.
კოლხეთის დაბლობის გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის კულტურის კერამიკულ წარმოებაში ზოომორფულყურიანი თიხის ჭურჭლის გამოჩენა და მისი წარმომავლობის დადგენა მეცნიერებისთვის ყოველთვის ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს წარმოადგენდა. დიხა გუძუბას არქეოლოგიურ მასალებზე დაყრდნობით დასტურდება, რომ ზოომორფულყურიანი თიხის ჭურჭლის უადრესი ნიმუშები ძველკოლხურ კერამიკულ წარმოებაში გვიანბრინჯაოს საწყის ეტაპზე ჩნდება.
თორსა-დღვაბას დიხაგუძუბაზე ექსპედიციამ, 1985 წელს 3 წლის განმავლობაში აღმოაჩინა 1200-1300 ერთეული კოლხეთის ხელოვნების ნიმუშები. ორმო-სამარხში ნაპოვნი იქნა 40-მდე თავის ქალა, კოლხეთის მთავარი ქალღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება, კოლხური ცულები, ხარის სამი ქანდაკება, საბრძოლო და სამუშაო იარაღები. ყველა ეს ნივთი გვიან ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება. მეორე ეტაპი ე.წ „დიხაგუძუბების“ მეცნიერული, არქეოლოგიური შესწავლისა 2011 წელს დაიწყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდნეძის ტერიტორიაზე.