ტყაშმაფა
ტყის დედოფალს, იგივე ტყაშმაფა ავსულთა სამეფოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და მისი სახელი არაერთ ლეგენდასა და თუ ამბავთანაა დაკავშირებული. ტყაშამფა ტანად ჩვეულებრივი ქალისგან არ განსხვავდება, არაჩვეულებრივი სილამაზისაა, თოვლივით ქათქათა ტანი აქვს, შავი (ზოგი ვერსიით – თეთრი ან ოქროსფერი) და გრძელი თმა კოჭებამდე სცემს. ტყაშმაფა დედიშობილა დადის. ის ტყის ბატონია და მის გარეშე იქ არაფერი ხდება. ხშირად მთვარიან ღამეებში სადმე ანკარა წყაროს პირას ნებივრობს და ვერცხლის სავარცხლით გრძელ თმას ივარცხნის. ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით „მეგრელების წარმოდგენით, ნადირთ პატრონი „ტყაშმაფა“, ტყის მეფე, ლამაზი ქალია, რომელსაც ორი გრძელი და ოქროსფერი ნაწნავი აქვს. მონადირის ბედ-იღბალი მასზეა დამოკიდებული. მეგრულად „ტყა“ ტყეს ნიშნავს, „მაფა“ – მეფეს. ტყის მეფე მრავალმხრივ არის დახასიათებული მეგრულ ზეპირსიტყვიერებაში. პირველი ჩანაწერები ტყაშმაფაზე შესრულებულია XIX საუკუნის 90-იან წლებში ი. ტეპცოვის მიერ. მან 1894 წელს „მასალათა კრებულის“ მე-18 ტომში გამოაქვეყნა სამეგრელოში მის მიერ შეკრებილი საინტერესო მასალები საერთო სათაურით: „მეგრელთა ყოფისა და რწმენის ისტორიიდან“. ჩანაწერი მიუთითებს, რომ სამეგრელოში ფართოდ იყო გავრცელებული რწმენა ტყაშმაფას არსებობის შესახებ. სამეგრელოში მონადირეებმა იცოდნენ, რომ თუ ტყეში შემხვედრ ღვათაებას (ტყაშმაფას) ხმას გასცემდნენ, დაიღუპებოდნენ ან გაგიჟდებოდნენ, ამიტომ სიფრთხილეს იჩენდნენ. გადმოცემის მიხედვით შეხევდრისას თუ ტყაშმაფა ორივე ხელის გულზე დადებით ანიშნებს მონადირეს, რომ სამუდამოდ მისი გულში ჩახუტება სურს. ვაჟი უსიტყვოდ, თავის გაქნევით ეუბნება უარს. ამის შემდეგ იწყება ვაჭრობა იმ ვადასთან დაკავშირებით, რა ვადითაც უნდა შეკავშირდნენ საყვარლები. ტყაშმაფა ათივე თითს უჩვენებს მონადირეს, რომლიც თავის გაქნევით ანიშნებს. ასე თანდათან ამცირებს ის ვადას ერთ თითამდე, რაც ერთ წელს ნიშნავს. თუ ვაჟმა საერთოდ უარი თქვა ტყაშმაფას სიყვარულზე, იგი დაღუპავს ან გააგიჟებს მას. ეს ურთიერთობაც ტაბუირებულია და ჭაბუკმა საიდუმლოდ უნდა შეინახოს იგი.