მსხვერპლშეწირვა
ჟიულ მურიეს მიხედვით
ყველა რელიგიაში, ყველაზე პრიმიტიულშიც კი, ღვთაებებისადმი სხვადასხვა სახის შესაწირის - ძღვენის, ცხოველებისა თუ ადამიანების მსხვერპლად გაღება ხდება. ეს ძღვენი ცივილიზაციების, გონებრივი პროგრესისა თუ ამ საკითხით საკმაოდ დაინტერესებული სამღვდელოების გავლენის შესაბამისად იცვლება. თუმცა, საბოლოო ჯამში, რელიგიური წესები, ცერემონიები, მონანიება ღვთისმსახურების დროს მორწმუნეებს თავს აქვთ მოხვეული და ქრისტიანობაც კი ჯერ კიდევ არ არის წარსულის შეცდომებისაგან თავისუფალი.
საკუთარი სისუსტის თანდაყოლილი შეგრძნების გამო ადამიანი ცდილობს მოძებნოს საყრდენი ბუნების იმ ძალების წინააღმდეგ, რომლებიც მუდამ მის საწინააღმდეგოდ მოქმედებს; ეს არის თვითგადარჩენის ინსტინქტი, შიში მოსალოდნელი საფრთხის წინაშე. ადამიანს უზენაეს ძალთა დახმარებისა და წყალობის მოპოვების სურვილი აქვს. შეცდომების გამოსყიდვის იმედი, ფიქრი სიკვდილზე, სასჯელზე, განკითხვა - ამ ყველაფერზე განუწყვეტლივ საუბრობს რელიგია თუ წმინდა წიგნები. შეუცნობელი მომავლის ეჭვი და სულის ბუნდოვანი მისწრაფება, რომ სამაგიერო მომავალში მიეზღოს, კაცობრიობისათვის ნაკარნახევი იყო წინასწარმეტყველთა, წმინდანთა და სამღვდელოების მიერ, რომელიც ყველას მოუწოდებდა საოცნებო საიქიო სამყაროში მოსახვედრი გზები ეძებნათ და პირდებოდა, რომ იქ ყველა იპოვნიდა თავის უსაზღვრო მარადიულ ბედნიერებას!
თუ საზოგადოების მაღალ ფენებში განათლებამ, უცხო ქვეყნებთან კავშირმა, მოგზაურობამ და კითხვამ ნელ-ნელა შეიტანა თანამედროვე იდეები, მეგრელი გლეხები თავიანთ ძველ რწმენაზე დარჩნენ მიჯაჭვულები და გულმოდგინედ იცავენ დრომოჭმულ ტრადიციებს. სამეგრელოში, ისევე როგორც ჰომეროსის დროს, დღესაც არსებობს მსხვერპლშეწირვა.
უფლის სადიდებლად მსხვერპლად ხბოს სწირავენ. ამ რიტუალისთვის შერჩეულ ძროხას განსაკუთრებით უვლიან და კვებავენ. როდესაც ძროხა ხბოს მოიგებს, მასაც განსაკუთრებული ყურადღებით უვლიან რამდენიმე კვირის მანძილზე. სანამ ხმო დედის რძეს წოვს, ძროხას არ წველიან. თუ შემთხვევით ეს ძროხა პატრონს მოპარეს, ეს ბედნიერების ნიშანია და ქურდს პატიებენ. აღდგომის დღესასწაულზე ხბოს მსხვერპლად სწირავენ, დაკლავენ, მოხარშავენ და სუფრაზე მიიტანენ, სადაც აწყვია სიმინდის ფქვილის პურები და გაღვივებული ნაკვერჩხლით სავსე თიხის ჯამი. სუფრას მხოლოდ მამაკაცები შემოუსხდებიან. მათთან არის მღვდელიც, რომელსაც სუკის ნაჭერს მიართმევენ. ყოველი დამსწრე უფლის სადიდებელ ლოცვას კითხულობს, შემდეგ საკმეველს აკმევენ და ჭამას იწყებენ. მათი დანაყრების შემდეგ დარჩენილ საკვებს ქალები ინაწილებენ.
მაისში მსხვერპლს სწირავენ წმ. მიქაელსა და წმ. გაბრიელს. ამ დროს კლავენ პატარა ხბოს, მსუქან ცხვარს ან ყვერულს. ცერემონია ისეთივეა, როგორც წინა მსხვერპლშეწირვაზე, მხოლოდ ამჯერად ლოცვით ამ წმინდანებს მიმართავენ და მათ სთხოვენ დახმარებას.
დიდი მარხვის დაწყების საღამოს მსხვერპლს წმ. თეოდორეს სწირავენ. ეს მსხვერპლშეწირვა ძალიან მნიშვნელოვანია და ადგილობრივები მას მკაცრად იცავენ. როგორც ჩანს, ამ დროს ცხენების მფარველობას ითხოვენ, რადგან დიდი მონდომებით აცხობენ პატარა პურებს, რომლებსაც ცხენის და მისი აღკაზმულობის ფორმას აძლევენ. მოჭრილი ხის ფუღუროს ღვინით ავსებენ და სახლის კარის წინ დებენ. შიგნით პატარა პურებს ყრიან. ამის შემდეგ ოჯახის უფროსი, სანთლით ხელში, ხმამაღლა ამბობს: „ღმერთო, ჰქმენ ისე, რომ ჩემი ცხენები ჯანმრთელად იყვნენ და გამრავლდნენ!“ შემდეგ იგი ოთხზე დგება, ცხენს ბაძავს, ჭიხვინებს და ცდილობს პირით აიღოს ღვინოში დამბალი პატარა პური. ბავშვები და დანარჩენი უფროსებიც მის გვერდით ოთხზე დგებიან და იმართება მთელი სანახაობა ჭიხვინით, ერთმანეთისთვის წიხლის კვრითა და კბენით!
ეს ძირითადი შესაწირავების ჩამონათვალი იყო. თუმცა უამრავი სხვაც არსებობს, რომელთა დეტალური აღწერა აქ დიდ ადგილს დაიკავებდა, ამიტომ მათზე სხვაგან ვისაუბრებთ. თვით ღორსაც კი ერგო ხვედრი კაპუნიას შესაწირავი გამხდარიყო. ღორს კერის გარშემო ორ-სამჯერ შემოატარებენ დად შემდეგ კლავენ.
თუ ავადმყოფი უკვე დიდი ხანია ცუდად არის და ჭამის მადაც დაეკარგა, მის საშველად ექიმს კი არ უხმობენ, რომელიც წამალს გამოუწერს, არამედ ავადმყოფის მშობლები მიდიან მაკითხეს (მკითხავს) მოსაყვანად, რომელსაც წინასწარმეტყველება შეუძლია. იგი იღებს ლობიოს ორმოცდაორ მარცვალს, ჭიქაში ყრის, აჯანჯღარებს და მაგიდაზე აპირქვავებს. იმის მიხედვით, წყვილად თუ კენტად დაჯგუფდება მაგიდაზე გაფანტული აქ უწყინარი ბოსტნეულის მარცვლები, მკითხავი ავადმყოფის მდგომარეობას წინასწარმეტყველებს. შემდეგ იგი მშობელს ეუბნება: „როდესაც მსხვერპლი შესწირე, შესაწირავი უკან წამოგიღია, ამიტომ ღმერთმა დაგსაჯა.“ „ახლა რაღა ვქნა?“ - კითხულობს მშობელი. „ვის აწყენინე?“ საწყალი მშობელი გახსენებას ცდილობს და ბოლოს მას ასახელებს, ვინც, მისი აზრით, შეიძლება გაენაწყენებინა. „მოძებნე ის ადამიანი“ - ეუბნება მკითხავი - „სთხოვე მოვიდეს და შენი შვილი დალოცოს. აიღე ყველა ძვირფასი ნივთი, რაც კი გაქვს, ავადმყოფს თავის გარშემო შემოუწყვე და მანამ არ მოკიდო ხელი იმ ნივთებს, სანამ მტერს არ შეურიგდები!“
საბრალო გლეხი დარცხვენილი მიდის მასთან, ვისაც სავარაუდოდ აწყენინა და მორიდებით ეკითხება თუ რა საჩუქარს მიიღებს იგი. „რა შეგიძლია მომცე?“ - ეუბნება მეზობელი - „ცხენი, ხარი ან ფული მომეცი!“
მოლაპარაკება შედგა და გახარებული მეზობელი ავადმყოფთან მიდის, ხელებს გაიწვდის და ეუბნება: „ამიერიდან ვივიწყებ ყველაფერს ცუდს, რაც მამაშენმა გამიკეთა!“
თუ ბავშვი განიკურნა, ეს იმას ნიშნავს, რომ მაკითხე მშვენიერი წინასწარმეტყველია, მაგრამ თუ ბავშვი გარდაიცვალა, არ იფიქროთ, რომ ამით მისის რეპუტაცია შეილახება. მთელი დანაშაული მამას ეკისრება, რომელმაც ვერ ამოიცნო თავისი მტერი; მას ისღა დარჩენია, რომ შეშინებული დაელოდოს მეორე შვილის ან ოჯახის სხვა წევრის ავადმყოფობას! იგი თავს იმტვრევს იმაზე ფიქრით, თუ ვის აწყენინა. მომდევნო მსხვერპლშეწირვისას იგი უფრო ფრთხილია, ყველა უნდა ერიდოს უსიამოვნებას და კარგ განწყობაზე იყოს!
საღამოობით მთელი ოჯახი კერიის გარშემო იკრიბება. ქალები სანთლის შუქზე ტილოს ქსოვენ ან აბრეშუმს ართავენ და თან რომელიმე ძველებურ სიმღერას მღერიან, მამაკაცები კი თამბაქოს ეწევიან, სამუშაო იარაღებს აწესრიგებენ ან ხისგან რაიმეს თლიან. უეცრად გარედან უცნაური სტვენის ხმა ისმის! ოჯახის წევრები სიმღერას წყვეტენ და შეშინებული თვალებით ერთმანეთს გადახედავენ. „ეს გარდაცვლილის სულის ხმა არის, რომელიც მოსალოდნელ უბედურებას გვაუწყებს! მისი სული დაბრუნდა, რომ ოჯახის რომელიმე წევრი წაიყვანოს! რომელიმე ჩვენგანი დაიღუპება“!
სტვენის ხმა თანდათან იკარგება, მაგრამ ოჯახმა მოსვენება დაკარგა. დილით რჩევისათვის მკითხავთან მიდიან, რომელიც საიდუმლო მოვლენას ხსნის და რჩევასაც იძლევა. შემდეგ ეკლესიაში მიდიან, ლოცულობენ და შესაწირავს სწირავენ. თუ მთელი წლის მანძილზე ოჯახის წევრიდან ავად არანი გახდა, ეს იმას ნიშნავს, რომ უფალმა შესაწირი მიიღო, ხოლო მიცვალებულის სული კი დამშვიდდა!