top of page
Blue Sky

თამაშობანი

სამეგრელოში დროის გასატარებლად ბევრი სხა-და-სხვა თამაშობაა. მათ შორის ზოგი გავრცელებულია მთელს ქვეყნიერობაზე და ზოგი საკუთრივ სამეგრელოში და საქართველოშია გავრცელებული და სხვაგან არსად. პირველთაგანია: ჭადრაკი, ნარდი და ბანქო. ჭადრაკსა და ნარდს უფრო ქალები ეტანებიან, ვიდრე კაცები და ისე მარდად და ხელოვნურად თამაშობენ, რომ საუცხოვო სანახავია. ბანქო იშვიათია და მხოლოდ უდიდებულესი თავადები თამაშობენ მას.

 

საკუთრად იქაური თამაშობა-კი ორნაირია: ბურთაობა და ნიშანში შვილდ-ისრის სროლა. ორივე თამაშობა სწარმოებს ამ რიგად: ფართო მინდორზე, სადაც ცხენებისათვის შესაძლეოა თავისუფლა გაჭენება, შეიკრიბება რვა თუ ათიოდე ცხენოსანი საუკეთესო ცხენებით. მაგრად დააკრავენ ცხენებზე უნაგირებს ორმაგის თუ სამმაგის მოსართვებით, იმ შემთხვევისათვის, რომ, ვინიცობაა, ერთ-ერთი მოსართვავი გაწყდეს თამაშობის დროს, როცა ცხენოსანი მთელის თავის ძალ-ღონით ტრიალებს უნაგირზე. თვითვეულ მათგანს ხელში უჭირავს თითო ჩოგანი (racchetta), რომლის ტარსაც ოთხი თუ ხუთი მტკაველი სიგრძე აქვს. ჩოგანი ერთიანად გადაქსოვილია თოკით, როგორც ჩვენში (იტალიაში) იციან; ხოლო ერთის მხრით ხე არა აქვს და სრულიად გაშლილია, რათა ამ მხრით უფრო ადვილი იყოს ბურთის მიწიდან აღება. თამაშობა ამაში მდგომარეობს: ვინც თამაშობას იწყებს, იგი ბურთს დაადებს ჩოგანზე, რომელიც მაგრად უჭირავს ხელში, და ცხენს გაააჭენებს. იმას ერთი მეორეზე ყველა დანარჩენები მისდევენ თავიანთის ჩოგნებით ხელში. პირველი მოთამაშე თავის წინ მაღლა ააგდებს ბურთს იმნაირად, რომ ბურთი როცა მიწაზე დავარდება, იმ დროს მოთამაშეც იმ ადგილას მივიდეს, და როცა ბურთი ხელახლავ ახტება ზემოთ, მოთამაშე თავის ჩოგნით უკან გადაისვრის. ყოველი მოთამაშე ამ ბურთისაკენ მიაჭენებს ცხენს და ცდილობს სხვებზე წინ დაიჭიროს ბურთი, ისე რომ ცხენიდან არ ჩამოხტეს. ვინც დაიჭერს, მაშინვე სხვების თავში დადგება და იმნაირადვე ააგდებს ზევით და მერე უკან გადაისვრის. მერე სხვები სცდილობენ ბურთის დაჭერას, და ამრიგად თამაშობენ საღამომდის. ეს თამაშობა მეტად სასიამოვნო ვარჯიშობაა და დიდად გასართობი.

ამას არ ჩამოუვარდება მეორე თამაშობა, რომელიც მდგომარეობს შემდეგში. შეჰკრვენ ორს ძლიერ კოჭს, ანძის მსგავსს და დაასობენ ფართო მოედნის შუაგულში და გაწვრილებულ წვერზე დაადგამენ პატარა რგვალ მაგიდას, რომლის სიგანე არ ღემატება ოთხი თითის დადებას. ასეთს ყაბახს დგამენ ჩვეულებრივ ოდიშის უდიდებულესი თავადები თავიანთი სახლის წინ გაშლილ მინდორში და როცა მოესურვებათ ამ თამაშობით დრო გაატარონ, დასდებენ ხსენებულ მაგიდაზე ვერცხლის თასს, მოიწვევენ შვილდ-ისრით შეიარაღებულს მრავალ ცხენოსანს. ეს მხედრები ერთი მეორეზე მიაჭენებენ ცხენებს ყაბახისაკენ. როცა მხედარი ყაბახს მიუახლოვდება, მოჰმართავს შვილს-ისარს და გაჭენებულ ცხენიდან ესვრის ვერცხლის თასს, რომელის ყაბახის წვერზეა. ვინც მოახვედრებს თასს და ჩამოაგდებს ძირს, იგი გახდება მისი პატრონი და ქებას დაიმსახურებს ყველა დამსწრეთა მხრიდან.

 

არქანჯელო ლამბერტი

bottom of page