top of page
Blue Sky

ექიმობა და სამკურნალო ამბები 

დასავლეთ საქართველოში, გვიან შუასაუკუნეებში წყაროთა მონაცემებით, მრავალი სახის სენი ყოფილა გავრცელებული, რაც შეეხება მკურნალებს, ისინი თითქმის აღარ მოიპოვებოდნენ. არქანჯელო ლამბერტი აღნიშნავს, რომ: „მთელ კოლხიდაში მიღებული არიან ექიმები და ხალხს ისე არაფერი ენატრება , როგორც ექიმის ხელობა“. საინტერესოა რომ ამის გამო თავად ლევან დადიანსაც  შეუსწავლია საექიმო ხელოვნება  „იმისთვის, რომ ექიმობა გაუწიოს თავის ხალხს, კითხულობს სხვადასხვა წიგნებს, რომელიც გადმო­თარგმნილია ლათინურიდან მათს ენაზე, შესწავლილი აქვს მრავალი სანელებელი, სამკურნალი ბალახები, მცენარის ძირები, აკეთებს მრავალ წასაცხებს და სასმელს წამალს. ასეთი წამლებით სავსე აქვს ყუთები, რომელთაც თან დაატარებს და საჭიროებისამებრ ყველას ურიგებს. ამ წამლებს ისე თხოულობენ, თითქოს თვით გალენი ურიგებდეს მათ.“ 

მისიონერებოს ცნობით სამეგრელოში არსებობდნენ ხალხური მკურნალები, დაავადებათა მიზეზს კი სამეგრელოს ნოტიო ჰავას მიაწერენ. ლამბერტის ცნობით, ნესტიანი ჰავისგან თავდასაღწევად, კოლხეთის მკვიდრნი წლის განმავლობაში იცვლიდნენ ჰაერს და საცხოვრებელ ადგილს, რაც მათ ჯანმრთელობას უწყობდა ხელს: „ზაფხულობით მეგრელები მიდიან სადგომად მთა ადგილებზე, სადაც მრავალნაირი ხილია და მახლობლად ანკარა წყაროები ჩამოჩუხჩუხებენ... გაზაფხულსაცა და შემოდგომასაც შესაფერ ადგილს არჩევენ. მხოლოდ ზღვის პირას არა აქვთ სახლები, როგორც ცუდი ჰაერის მიზეზით, ისე მეზობელი ბარბაროსების თავს- დაცემის შიშით.“

სამეგრელოში თუ დაავადება ტრადიციულ მკურნალობას არ ექვემდებარებოდა  დაავადებისგან განსაკურნებლად მიმართავდნენ სალოცავებს. 

განსაკუთრებით პოპულარული იყო თავშემოვლების რიტუალი, ეს რიტუალები მეტწილად რელიგიურ დღესასწაულებზე ტარდებოდა, თავშემოვლებული საქაონელი სალოცავისთვის შეწირულად ითვლებოდა. დასტურდება სხვადასხვა სახის შესაწირი: ხარი ძროხა, ცხვარი, მამალი და სხვ. 

რიტუალის მიზანი ავადმყოფის ნაცვლად სხვა შესაწირავის შეწირვა და მსხვერპლშეწირვით ღვთაების გულის მოლბობა, მისი წყრომის თავიდან აცილება იყო.


 

***

დაავადების გამომწვევ მიზეზად სამეგრელოში მიაჩნდათ ავი თვალი, წყევლა და ჯადო და მათი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად სხვადასხვა საშუალებას მიმართავდნენ. არქანჯელო ლამბერტი წერს: 

 „მეგრელებს არამც თუ ეშინიათ სიტყვებით ხმამაღლად დაწყევლისა, არამედ დარწმუნებულები არიან, რომ ხშირად თვით ჰაერი მოწამლულია რაღაც ჯადოთი ან ავი თვალით, და ასეთი ჰაერისაც მეტად ეშინიათ, თავი რომ დაიცვან მისგან, ხმარობენ სხვადასხვა საშუალებას, უმთავრეს საშუალებად მიაჩნიათ მეთევზის ბადე, რომელსაც შემოახვევენ ავადმყოფის ლოგინს და ყმაწვილების აკვანს. ეს ბადე, ამათის აზრით, იპატიებს კაცს მოჯადოებული ჰაერისა და ავი თვალისაგან, რომელიც, მათის აზრით, მეტად ჰვნებს ავადმყოფსაო. გარდა ამისა ეშმაკის გასაფრთხობად, ავადმყოფის სასთუმალქვეშ დებენ ამოღებულ ხმალს, აგრეთვე შუბს და სხვა იარაღს. მე მინახავს ერთი იქაური დიდებული კაცი, რომელსაც მუდამ წინ მიუძღოდა ბიჭი. ამ ბიჭს ხელში ეჭირა ჯოხი. რომელზედაც ეკიდა ვერცხლის რამდენიმე პატარა ხატი სხვადასხვა წმინდანებისა. დიდებული ფიქრობდა, რომ ამ საშუალებით ჩემ წინ ჰაერი გაიწმინდება და მე ვერას მავნებსო.“

ავი თვალისგან დასაცავად იკეთებდნენ თილისმებს და ისეთ შელოცვებსაც მიმართავდნენ, რომლის ფესვებიც წარმართობიდან მოდის. 

სულიერ დაავადებათა სამკურნალოდ მეგრელთა რწმენით საჭირო იყო წმ. გიორგის ეკლესიაში სიარული, შესაფერი შესაწირავის მირთმევა და ავადმყოფის მორჩენის თხოვნა წმ. გიორგისათვის, რომელიც  ითვლებოდა ყოველგვარი ავსულებისა და მათი ნამოქმედარის გამქარწყლებლად.

bottom of page