top of page
Blue Sky
Untitled design_edited.jpg

ბატონები

ინფექციური დაავადებები, როგორიცაა   ყვავილი, წითელა, ქუნთრუშა, შავი ჭირი, ხორველა და სხვ. მეგრელებს  მიაჩნიათ სულებად, რომელსაც ადამიანში ჩასახლება შეეძლო. გადმდებ სენთა უმეტეს ნაწილს  ეძახდნენ  „ბატონებს“ და მათი იერარქიული უპირატესობით და სიძლიერით იყოფოდა  ორ: ერთიმეორისაგან განსხვავებულ კატეგორიად. პირველ კატეგორიაში მოქცეულნი არიან „დიდი ბატონები“ -  შავი ჭირი, ხორველა, ყვავილ ბატონები, ხოლო მეორიში - წითელა, ქუნთრუშა, ყელჭირვება, ყივანახეელა და სხვ.

ბატონებიდან განაკუთრებულად იყო გავრცელებული ყვავილი, რომლის შესახებაც თ. სახოკია წერს: ყვავილის ეპიდემიის გაჩენა სამეგრელოს რომელსამე სოფელში მცხოვრებთ თავზარს დასცემს ხოლმე, თუ ქონება ნებას აძლევთ, თავიანთს სახლებს თავს ანებებენ, ცდილობენ თავი შეაფარონ თავიან ნაცნობ-მეგობრებთან შორეულ სოფლებში, ხმამაღლა ლაპარაკს შესწყვეტენ, ყველგან ჩურჩული-ღა ისმის, მეზობლებს ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა შეწყვეტილი აქვთ, სანამ ეპიდემია მძვინვარებს. მეგრელები ზედმიწევნით ასრულებენ იმას, რაც, მათის აზრით, „ბატონებს“ აქვთ ნათქვამი: „როცა ჩვენი სახელი (გამოჩენა) გაიგოთ, თავს უშველეთ, იმდენი ირბინეთ, სანამ კამეჩის ტყავის ქალამნები, ფეხებზე რონ გაცვიათ, სიარულისაგან არ დაგიცვდებათ. ეცადეთ, ჩვენმა თვალებმა არ დაგინახოთ, არ დაგვენახოთ, თორემ ვაი თქვენს შავს დღეს!..“

როგორც კი გაჩნდება სენი, პირველადვე ავადმყოფს კისერზე დაჰკიდებენ გახვრეტილ ქვას. ეს არის ნიშანი მორჩილებისა „ბატონების“ მიმართ რომელნიც „მობრძანდნენ“ და თავიანთის „მობრძანებით“ წყალობა უყვეს ამა თუ იმ ოჯახს... ცოტა ხანს შემდეგ ამ ქვას ავად-მყოფის საწოლ ქვეშ დასდებენ. ამაეე დროს დიდის გულმოდგინებით ცდილობენ სახლი მორთონ. ცდილობენ ავადმყოფი, რაც შეიძლება, სუფთა ლეიბზე დააწვინონ.

 კერაზე ცეცხლი უნდა ჩაქრეს, რადგან „ბატონებს“ ცეცხლი ჭირივით ეჯავრებათ, სახლში საჭმელს არა ხარშავენ, ამ შემთხვევაში, მეზობლები ჩაერევიან საქმეში და საჭმელი მზა-მზარეული მოაქვთ ავადმყოფის პატრონისათვის.

იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ უვლიდა სნეულს, „ბატონების მსახურს“ უწოდებდნენ. უკრავდნენ ჩონგურს, მღეროდნენ, ჰყვებოდნენ ზღაპრებს ავადმყოფის გუნების გამოსაკეთებლად.

გაფაციცებით  თვალყურს ადევნებდნენ წესრიგს და სისუფთავეს, გამოიყენებოდა იის ფოთლების ნაყენი, რომლითაც წმენდნენ ყველაფერს. იის  ნაყენს ასხურებდნენ სახლის ყოველ კუთხეში, ეზოში მდგარ ხეებსაც კი.  ყველგან იის სუნი იდგა, რაც მათი წრმენით განსაკუთრებით უყვარდათ ბატონებს.

bottom of page