ცრუმორწმუნეობა
ჟიულ მურიეს მიხედვით
რომელიმე გამწყრალი წმინდანის ზეგავლენით ან თვით ღმერთის ჩარევით მკითხავები ან ექიმბაშები ხსნიან ყოველგვარი ავადმყოფობის მიზეზს. მაშასადამე, ამ წმინდანებს და მათ ხატებს უნდა მიმართონ ავადმყოფებმა, მათ შეევედრონ, რათა დაიბრუნონ ჯანმრთელობა! ავადმყოფები ვალდებულებას ზედმიწევნით ზუსტად ასრულებენ. დროთა განმავლობაში, ამ ვალდებულებებმა წესს - ჩვეულებების სახე მიიღო. ამგვარად, წმინდა ადგილების მოლოცვა ყოველწლიურ მოვალეობად გადაიქცა და ისინი აუცილებლად უნდა შესრულდეს, თუ არ სურთ დიდ უბედურებას გადაეყარონ. თითქოს ის ზღაპრული გადასახადები და ბეგარა, რომელსაც იხდიდა გლეხკაცი არ იყო საკმარისი, რომ საკმაოდ დიდი საეკლესიო შესაწირი დაემატა და უფრო დაამძიმა მისი მოვალეობები: შესაწირავი თავის ტკივილის განსაკურნავად თუ ეს გვაწუხებდა ბავშვობაში (ოდუდია), შესაწირავი ძილში კოშმარების განსადევნად (საალერტო), მტკივნეული თვალების სამკურნალოდ (ნირსობა), კარგი მოსავლისა და შინაურ ცხოველთა ჯანმრთელობისათვის და ა.შ.
სულ რაღაც ათიოდე წლის წინ სამეგრელო ერთ-ერთი ყველაზე ცრუმორწმუნე კუთხე იყო მთელ ქვეყანაზე დიდი ხნის განმავლობაში ეს მხარე უსაფრთხო თავშესაფერი იყო მისნებისა და ქირომანტებისათვის, რომელნიც ბოროტად იყენებდნენ ადგილობრივი მოსახლეობის გულუბყვილობას და მათ საკუთარი შემოსავლის წყაროდ აქცევდნენ.
სწორედ ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ 1882 წელსაც ხალხი წარმოდგენიდან არ გამქრალა ჯადოსნობის, ბოროტი ძალების, წინასწარმეტყველებისა და ბედისწერის რწმენა. ამგვარად:
თუ სიზმარში კბილი მოგძვრათ, ძმას დაკარგავთ!
თუ ცხვირის წვერი გექავებათ, ვინმეს ეჩქარება თქვენი ნახვა!
თუ ხანგრძლივად გასლოკინებთ, ვიღაც თქვენზე ცუდს ლაპარაკობს!
თუ პირში ბეწვი ჩაგივარდათ, იმის ნიშანია, რომ ხორცს შეჭამთ!
თუ ყური გიწივით, ვიღაც კვდება. (ამ შემთხვევაში თვალებს ხუჭავენ, ყურთან თითებს ატკაცუნებენ და თან ამბობენ: „შორს, აქედან შორს, 12 მთის, ხის, ქვის, ქარის იქით!“
თუ თქვენს სახლს ყვავებმა გადაუფრინა, იპოვეთ ქვა და გადააბრუნეთ!
თუ ძაღლი თქვენსკენ კუდით დადგა, იმას ნიშნავს, რომ ოჯახში ვიღას თქვენთვის ცუდი სურს!
ცხოველს კუდზე ცოტაოდენი ნაცარი დააყარეთ და გაიგებთ ვინ არის ავის მსურველი, რადგან მის წინ გავლისას ძაღლი კუდს გააქიცინებს.
თუ სტუმარი გტოვებთ, ნუ დაგვით სახლს მისი წასვლისთანავე!
ბაყაყის მოკვლა ავდარს მოიყვანს!
ორშაბათსა და ხუთშაბათს ცეცხლს ნუ გასცემთ, ქათმები კვერცხს აღარ დადებენ.
თუ ძაღლი ხანგრძლივად ყმუის, ოჯახში ვიღაც მოკვდება!
ჭამის დროს თუ თითი მოიკვნიტეთ, მშიერ სტუმარს ელოდეთ!
თუ სახლში უსტვენთ, შინ ქურდი შემოგივათ!
თუ წარბი მოგექავათ, რაზეც იფიქრეთ რასაც გეუბნებიან, სიმართლეა!
თუ 4 ფოთლიან სამყურას იპოვით ან ქუთუთოს განასკვას მოახერხებ ყველა სურვილი შეგისრულებათ!
თუ მიცვალებულზე საუბრისას ვიღაცამ დააცემინა, მას ზურგზე ხელი დაარტყით და თქვით: „შენ ჩვენი ხარ!“
თუ ანთებული ნახშირი ფეხზე გაჩერდა, საჩუქარს ელოდეთ!
თუ ულვაში მოგექავათ ღვინოს დალევთ!
თუ წითელი გველის ენა გაქვთ, ჭევრმეტყველი გახდებით და ქალებთან წარმატება გექნებათ!
ქალიშვილო! გსურთ იცოდეთ ვის გაყვებით ცოლად? აიღეთ თანაბარი რაოდენობის ფქვილი და მარილი, გამოაცხეთ კვერი, დაძინების წინ შეჭამეთ, თქვენი ქვედა საცვალი ბალიში ქვეშ დაიდეთ როცა ძილში წყურვილს იგრძნობთ, ვინც სასმელს შემოგთავაზებთ, ის იქნება თქვენი მომავალი ქმარი!
ცუდის მომასწავებელ ნიშნად ითვლება: ჭოტის კივილი (ჭოტზე ამბობენ ეშმაკის სახედნიაო), გზაზე კურდღლის ან ჟღალწვერიანი მღვდლის დანახვა და ძროხის ან ხარის ბღავილი, თუ ისინი თვალებში გიყურებენ.