top of page
Blue Sky
EU4Culture.png

სამკურნალო ხერხები

არქაჯელო ლამბერტის ცნობებიდან

„მთელ კოლხიდაში მეტად მიღებული არიან ექიმები და ხალხს ისე არაფერი არ ენატრება, როგორც ექიმს ხელობა. ამიტომაც შორეულ ქვეყნებიდან მოდიან აქ და სახლებიდან თურქბი, ირანელები, იტალიელები და ფრანგები, რომელთაც ცოტა რამ იციან ამ ხელობისა. როდესაც მეგრელებთან ჩამოდის მკურნალობის წესების თუნდაც მცირედ მცოდნე კაცი, მისთვის საკმაოა მხოლოდ ექიმის სახელი და წამლის გაკეთების ცოდნა სანახევროდ, რათა ყველასაგან პატივცემული, ქებული და მიღებული იქმნას. 

სხვებზე უფრო პატივსა სცემენ იტალიელებსა და ფრანგებს. ამათგან რომ ვინმე ჩავა სამეგრელოში, რათა აღარ წავიდეს, ცდილობენ ცოლი შერთონ და ამით დააბან აქ. თან აძლევენ სახლ-კარს, მიწა-ადგილს, მსხილფეხი საქონლის ჯოგს, ყმებს და მონებს, ყველაფერს ისე უხვად, რომ მოსულის სურვილსაც აღემატება. იქაურები ყველანი მეტად მოწადინებული არიან შეისწავლონ რაიმე წამალი. როცა შეისწავლიან წამლის მომზადებას, მაშინვე მთელ ქვეყანას ასწავლიან...“

Blue Sky
Coriander Seeds

„სამეგრელოში არიან ქალები, რომელნიც სიამოვნებით ეტანებიან ავადმყოფთა მოვლას. როგორც კი ვინმე ავად გახდება, რომელიმე ამ ქალთაგანი მაშინვე მივა და დაუწყებს მოვლას: საჭმელის წეს-რიგს დაუნიშნავს და გაუკეთებს რამდენიმე წამალს. წამლებად, როგორც დასალევად ისე დასადებად, ბლომად ხმარობენ ბალახებს. საჭმელის შესახებ ამ წესს ადგენენ: სრულებით ერიდებიან ყოველ ნაირ ხორცეულობას და ყველა სხვა საჭმელს, გარდა ღომისა. ღომს როდინში გასწმენდენ კანისაგან, ძალიან კარგად გარეცხენ და საკამოდ თხლად მოხარშავენ. მოურთავენ ცოტაოდენ ქინძს და ღვინოს რამდენსამე წვეთს. თავის ტკივილის დროს ავადმყოფს შუბლს შეუხვევენ ნარეკალას (cordiaca) ფოთლებით. ამის წვენს ასმევენ ყოველნაირ ავადმყოფობის დროს.“

Blue Sky
EU4Culture (2).png

„ერთხელ მე ვნახე იქაური ექიმი, რომელმაც დაარწმუნა მთავარი, რომ დედოფალს გულის ავადმყოფობისაგან იაგუნდი მოარჩენსო. სთქვა ეს თუ არა, მაშინვე მოსძებნეს მშვენიერი იაგუნდი წამლის მოსამზადებლად. ექიმმა მოამზადა იგი ამ რიგად: მოატანინა მდინარიდან ერთი ქვა და ჩააგდო ვერცხლის თასში, რომელშიაც ჩაასხა ცოტაოდენი წყალი. იაგუნდი დაასველა წყალში და შემდეგ ამისა მაგრად ხეხა იგი იმ ქვაზე. გულუბრყვილო ექიმს ეგონა, რომ იაგუნდი გაილესებოდა ქვაზე. ხოლო ქვა გაილესა და არა იაგუნდი, რადგან იაგუნდი უფრო მაგარია ქვაზე. ამ უბრალო ქვის ნალესით აავსო ერთი დიდი თასი და მთლად შეასვა ავადმყოფ დედოფალს...“

Blue Sky
EU4Culture (3).png

„ექიმმა, საკმაოა იცოდეს გაკეთება სამნაირი წამლისა: ერთი საფაღარათო, მეორე - სიროფი და მესამე - კარგი გემოს კონსერვი. პირველი და უმთავრესი საფაღარათოა. რაც უფრო ძლიერი ექნება საფაღარათო, იმდენად მეტი სახელი ექნება ექიმს. საფაღარათოს აძლევენ ყოველნაირ ავადმყოფობაში, მიუხედავად იმისა არგებს იგი თუ აწყენს...

მეორედ ექიმმა უნდა იცოდეს სიროფის გაკეთება თაფლისა და შაქრისაგან. სიროფი ავადმყოფის სენის შესაფერი რომ არ იყოს, არა უშავს - რა, ოღონდ გემრიელი კი იყოს. როცა ვინმე ავად გახდება და ექიმს მოიწვევენ, პირველად ექიმმა სასმელი სიროფი უნდა მოამზადოს, რამდენს სხვადასხვანაირს სიროფს მოამზადებს ექიმი, იმდენად უფრო სწავლულის სახელს მოიპოვებს იგი. ამიტომაც ამ ჯურის ექიმები ვარდებს და იას თავის დროზე ბლომად მოჰკრეფენ, გაახმობენ და შეინახავენ, რათა საჭიროების, დროს თაფლით ან შაქრით შეზავებული მოხარშონ და გააკეთონ სიროფი, რომელიც აგრე უყვართ იქაურებს, არამც თუ ავადმყოფს, არამედ კარგად მყოფსაც...“

Blue Sky

„იქაურმა ექიმმა უნდა იცოდეს გაკეთება საექიმო კონსერვისა, რომელსაც იქაურები ეძახიან მაჯნუნს. ეს მაჯნუნი ირანელებს საუკეთრესო წამლად მიაჩნიათ, რადგან  მათის აზრით, იგი სხეულს როდი სცლის სისხლისაგან, არამედ სისხლს სწმენდს და აახლებს. მასა გარდა ძვირფასი ქვების ნამსხვრევებისა და ძვირფას სურნელოვან მცენარეებისგან აკეთებენ ნაირ-ნაირ წამლებს, რომელსაც ინახავენ ხოლმე კოლოფებში და საჭიროებისამებრ ხმარობენ. სამეგრელოს ექიმებმა ალბად თავის მეზობელ ირანელებისაგან ისწავლეს ამ წამლის გაკეთება...“

Blue Sky
ბალდის კანიონი.jpg

„სამეგრელოში უმთავრესად სამი ჩვეულებრივი ავადმყოფობაა: ტყრიპი, წყალმაკი და ხველა. რაც შეეხება ხველას, მათის აზრით, ხველას ვნებს ყოველივე ტკბილი. თუ მაგალითად, გულის და ყელის დასალბობად ავადმყოფს ცოტა შაქარი მისცეს და ამის შემდეგ მას ხველება აუვარდა, მასინვე ჩივილს დაიწყებენ, რომ ყოველივე ტკბილის ბრალიაო. წყალმანკის დროს უსმელობას ავადმყოფები ვერ ითმენენ და არც უშლიან: მანამდი სვამენ, სანამ არ დაიხრჩვებიან. ტყრიპსაც სრულებით ისე არ წამლობენ, როგორც უნდა წამლობდნენ.

სასაცილო საშუალებას ხმარობენ აგრეთვე იმ ავადმყოფთა მიმართ, რომელთაც სამდღეული ან ოთხდღეული ციება სჭირთ. ეს საშუალება მეგრელებმა ალბათ მათი მეზობელ აფხაზებისაგან ისწავლეს: როგორც კი ციება გამოაჩნდება ავადმყოფს და იგი დაიწყებს ციებისაგან კანლკალს, წაიყვანებენ, სადაც უფრო ცივი მდინარე ეგულებათ, გააშიშვლებენ და ყელამდი წყალში ჩასვამენ. ორ კაცს ძალით უჭირავს აგრე კაი ხანს და მერე მკვდარ-ცოცხალს ამოიყვანებენ და ლოგინში დააწვენენ. ამტკიცებენ, რომ ამის შემდეგ ავადმყოფი უკეთ გრძნობს თავსო...“

bottom of page