ჟინი ანთარი
ჟინი ანთარი სამეგრელოში საქონლის მფარველ ღვთაებად ითვლებოდა. სამეგრელოში საქონლის მეხისგან და დაავადებებისგან დასაცავად დიდი მარხვის აღების ღამეს ასრულებდნენ „ჟინი ანთარის“ ლოცვას. ამ დღეს კერაზე ღადარში აცხობდნენ რიტუალურ კვერს - ოთხკუთხედი ფორმის მოზრდილ მჭადს, რომლის შუაში კონუსის ფორმის ყველის ნაჭერი იყო ჩადებული. ვახშმის წინ ოჯახის უფროსი მამაკაცი კერასთან მივიდოდა, მჭადს ნაცარს და სუროს მოაცლიდა, კვერს იქვე ოთხკუთხედ ნაჭრებად დაჭრიდა და ანთარს ლოცვას წარმოუთქვამდა, საქონლის გამრავლებას და ოჯახის მფარველობას ევედრებოდა. თუ საქონელს მეხი დაეცემოდა, ითვლებოდა, რომ ჟინი ანთარი გაუწყრა ოჯახს და სასჯელი მოუვლინა მეხის ანუ ჟინიშის სახით. ამ დროს ატარებდნენ სპეციალურ რიტუალს. მეხდაცემულ საქონელს პატრონი ხელს არ ახლებდა, არც წუხდა მის გამო. მოიყვანდნენ „მახვამალს“ (მლოცველს), რომელიც მივიდოდა მეხდაკრულ საქონელთან, დაკლავდა ციკანს, რძეში მოხარშავდა და თითონვე ჭამდა. თან სპეციალურ ლოცვას ატარებდა და წმინდა გიორგის ევედრებოდა ეპატიებია შეცოდება ოჯახისათვის. შემდეგ მეხდაცემულ საქონელს სხვას დაამარხვიებდა. წარმართული ბუნების ჟინიშის სალოცავად მეხდაკრულ ხესთან ციკანთან ერთად მიჰქონდათ ხოზოკვარი - რიტუალური კვერი. ჭვავის, ან ხორბლის ფქვილგარეულ სიმინდის ცომს შუაში ჩაუდებდნენ ყველს, წააგრძელებდნენ და ბოლოში თითისტარისებურად წაწვეტებულს რძეში ხარშავდნენ. ხოზოკვართან ერთად რძეში ხარშავდნენ 3, ან 5 პატარა ყველიან კვერს, რომელიც ვარსკვლავების სიმბოლო იყო. სხვადასხვა ადგილას ჟირი ანთარი ცქიბზის სახელითაცაა ცნობილი, რომელიც რისამე მოგრძო სახელს ნიშნავს, და საჟინიანთარე რიტუალურ კვერში ჩასობილი ყველის მოგრძო ნაჭერის სახელითაცა ცნობილი.