top of page
მაკალათიების ოდა, სოფელი სეფიეთი (1).jpg

კოლხური კარმიდამო

მაკალათიების ოდა, სოფელი სეფიეთი (1).jpg

დასავლეთ საქართველოში ხალხური საცხოვრებელი სახლის გავრცელებულ ტიპს წარმოადგენს ოდა-სახლი, „კოლხური ოდა-სახლი“, რაც კოლხური მატერიალური კულტურის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ტერმინ „ოდას“ გავრცელება იწყება XVIII საუკუნიდან,  ოდა-სახლის ტიპოლოგიურმა შესწავლამ ცხადყო, რომ საცხოვრებლის ეს სახე კოლხეთის მიწა-წყალზე  ჯერ კიდევ XII- XIII საუკუნიდან და უფრო ადრეც არსებობდა. უშუალოდ ხის სამოსახლოები კოლხეთში ბრინჯაოს ხანიდან არის დადასტურებული.  

ტერმინ „ოდას“ გავრცელებამდე,  „სასახლე“ ყოფილა მიღებელი. იტალიელი მისიონერის, არქანჯელო ლამბერტის ცნობაში „სასახლე“ სახლის სინონიმად არის ნახმარი.  ლამბერტი, რომელიც დიდხანს ცხოვრობდა სამეგრელოში, წერდა, რომ სასახლეები დიდგვარიან აზნაურების გარდა,  ყოველ გლეხსაც ჰქონია.

კოლხეთში ტყეების სიუხვესა და ხის ნაგებობების სიმრავლეზე ყურადღებას ჯერ კიდევ ბერძენი და რომაელი ავტორები ამახვილებდნენ. მაგალითად, ჰიპოკრატე, ქსენოფონტი, აპოლონიოს როდოსელი, პომპონიუს მელა, ვიტრუვიუსი, სტრაბონი და სხვა. 

საზოგადოდ, ოდა-სახლის სტრუქტურა საკმაოდ მარტივია,  ოდა  ხის სახლია ხის იატაკითა და აივნით,  ოთახების რაოდენობა ერთიდან რვამდე მერყეობს, აივნების რიცხვიც სხვადასხვაა. ჰავის გამო სახლი ხის ან ქვის ბოძებზეა შეყენებული, ოდას ბუხრით ათბობენ. ოდა სახლის ყველაზე მხატვრულ ნაწილს წარმოადგენს აივანი, იგი ძირითადად ჭვირულია, ორნამენტულ მორთულობაში გამოყენებულია  მცენარეული, ზოომორფული, ასტრალური და გეომეტრიული დეკორი, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს და მასში ცოცხლობს ძველი რწმენა-წარმოდგენების გამოძახილი.

მშენებლობისას გამოიყენებოდა ისეთი ხის ისეთი ჯიშები, რომლებიც კარგად უძლებენ ზღვისპირა ნოტიო ჰავას. უპირატესობას ანიჭებდნენ მუხას, წაბლს, თელას, ურთხმელს.

ოდა-სახლის არქიტექტურულ-კონსტრუქციული ელემენტების აწყობა-დაშლის ტექნიკამ, ერთი ადგილიდან სხვა ადგილზე ადვილად განატანის პრაქტიკა დანერგა, ოდას ქალს დაოჯახებისას მზითევშიც ატანდნენ და ახალ ადგილზე მას ხელახლა აგებდნენ. 

კოლხეთში დღესაც ბევრი ოდა სახლია შემორჩენილი, ისინი ძირითადად XIX საუკუნეს და XX საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება.

კარ-მიდამო

ოდა-სახლი საცხოვრებლის იმ ტიპს განეკუთვნება, რომელიც მხატვრული გადაწყვეტით კარ-მიდამოს კონტექსტშია გააზრებული. ოდა სახლი ეზო-კარის  მთავარ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, რომელსაც ემატება სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები, რომლებიც საცხოვრებელი ეზოს ირგვლივ იყო განაწილებული.

ოდას გარდა სამზადი ანუ სამზარეულო,  ფუნქციურად მნიშვნელოვან ნაგებობას წარმოადგენდა. სამეურნეო ეზოს პირას იდგა ბოსელი, რომელშიც საქონელი მხოლოდ  ეზოს უკანა მხრიდან ხვდებოდა, ფარდული და სხვა დამხმარე ნაგებობები.  გამოირჩეული ნაგებობა იყო სასიმინდე, რომლის ფორმა  მხატვრული თვალსაზრისით კარგად იყო გააზრებული. რაც შეეხება მარანს სამეგრელოში და მთელ საქართველოში, ლამბერტის სიტყვით, ეკლესიის მსგავსად სცემდნენ პატივს.

საქართველოს რეგიონებში ეზო არსად არ ასრულებს ისეთ მნიშვნელოვან როლს, როგორც დასავლეთ საქართველოში, ეზოს მოწყობისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას კი სამეგრელოში იჩენენ.  ზოგაგდაგ, კარ-მიდამოს დასავლეთ საქართველოში ლაზურ-მეგრული ტერმინის „ოხორე“-ს სახელითაც მოიხსენიებდნენ. 

კარმიდამოს, როგორც წესი, შემოვლებული ჰქონდა ხის  ღობე,  „ყოველი მოსახლე ცდილობს, რაც შეიძლება მშვენიერი ღობე გააკეთოს”,  აღნიშნავდა ჯერ კიდევ XVII საუკუნეში, იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი. გზის მხარეს ეზოში შესასვლელი ჭიშკარი საგულდაგულოდ იყო დამუშავებული.

თავადების ეზოებში  ყველაზე საპატიო ადგილზე, ასევე იდგა კიდევ ერთი შენობა - ეს იყო პატარა „კარის ეკლესია“. 

მეგრული ოდა ოცდაათიან წლებში.jpg
bottom of page