სამეურნეო იარაღები
კოლხურ კულტურაში ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში, საომარი იარაღების გვერდით დიდი რაოდენობით ჩნდება სამეურნეო იარაღები. ძირითადად ჭარბობს თოხები - პირველი უნვერსალური სამიწათმოქმედო იარაღი, რომლითაც შეიძლება მიწის როგორც პირველადი, ისე მეორადი დამუშავება. მკვლევარები მიიჩნევენ რომ - თოხი და თოხით წარმოებული მეურნეობა იყო პირველი პირობა დაფუძნებული მიწათმოქმედებისა. ხალხი, რომელთაც თოხით დაიწყეს თავისი სამეურნეო საქმიანობა, მიწას აღარ მოწყვეტილან და ადგილიდან იოლად არ აყრილან. კოლხეთში თოხი და ბარი ძველთაგანვე იქცა მემინდვრეობის ძირითად და წამყვან იარაღად.
დასავლეთ საქართველოს მიწათმოქმედებაში თოხი უძველესი დროიდან XIX საუკუნის ბოლომდე ერთ-ერთ ძირითად სამეურნეო იარაღს წარმოადგენდა.
თოხთან ერთად სამეგრელოში გავცელებული იყო სახვნელი ოარაღების რამდენიმე სახეობა. მაგალითად სახნისი - ჯაში, ოხონალი-ოღარაი, იგივე კავი მარტივი აგებულების იყო და მასში უღელ ხარს აბამდნენ. ასევე გავრცელებული იყო ოგაფა-აგაფა. ოგაფას აკეთებდნენ აკაციის, წაბლის ან თხმელასაგან, იგი კარგად იყო გათლილი, ხმარებისას მსუბუქი იყო და საიმედო სიმაგრე ჰქონოდა.
თითქმის ანალოგიური აღნაგობისა იყო ცხენის ოგაფაც და გამწევ ძალად ხარის ნაცვლად, ცხენს იყენებდნენ. ცხენის ოგაფას იყენებდნენ როგორც სახვნელი, ისე მიწის ასაფხვიერებელი დანიშნულებით.
სამეგრელოში სიმინდის კულტურის გავრცელებასთან ერთად გაჩნდა ფოჩხის ტიპის საფხვიერებელი იარაღიც, რომელსაც პირზე ასხმული ჰქონდა 6-7 კბილი, მასში აბამდნენ უღელ ხარს და აფხვიერებდნენ ნიადაგს და სიმინდის კულტივაციას ატარებდნენ.
სამეგრელოში დღემდე შემორჩენილი სახვნელი იარაღების ნაირსახეობა მიუთითებს სამიწათმოქმედო კულტურის სიძველეზე და სამეურნეო ცოდნის გავრცელებაზე, რომელიც საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა.
დღეს, ისევე როგორც მთელს საქართველოში, სამეგრელოში მეურნეობაში ფართოდ მოიკიდა ფეხი სასოფლო სამეურნეო მექანიზაციამ.
„კოლხიდაში ნიადაგი ცუდია, თესვის დროს სამეგრელოში ნიადაგი ისეთი სველია, რომ ხორბლისა და ქერის თესვისას მიწას სრულიად არ ამუშავებენ, რათა იგი მეტისმეტად არ დარბილდეს მარცვლეულს აბნევენ მიწის ზედაპირზე: ამ წესით დათესილი იგი მშვენივრად ამოდის“.
ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი (1643-1713) , XVII საუკუნე
„მარცვალნი, რომელნიც დავსწერენით, ყოველნი ნაყოფიერებენ ფრიად, ამის გარნა ბრინჯ-ბამბას სთესენ იშვიათ და აგრეთვე ხორბალსა და ქრთილსა და ღომს ფრიად მრავლად და გამოიზრდებიან მით...“
ვახუშტი ბატონიშვილი (1696-1757)