საცხოვრებელი და ავეჯი
გლეხთა საცხოვრებელი სახლები სამეგრელოში ნედლი გათლილი ხისაგან კეთდება და ისლით (ჩალის ერთ-ერთი სახეობა) იხურება. ასეთ სახლებს ორი, ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს გაჭრილი კარი აქვს. აქ არც ფანჯრებია და არც ბუხარი. ცეცხლს ანთებენ სახლის შუაში, ტკეპნილი მიწის იატაკზე. ბოლი ცუდად შეკრული სახურავიდან ან კარებიდან გამოდის. ორი პატარა სკამი, რამდენიმე გრძელი საწოლი, რომელზეც ბოსტნეულს ჰკიდებენ, რამდენიმე ხის თასი, კოვზები და პატარა ქვაბი შეადგენს სახლის მთელ მოწყობილობას. აღებულ მოსავალს სხვენში ინახავენ. ზამთრის განმავლობაში ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ ადამიანები და შინაური ცხოველები: კამეჩები, ძროხები, ცხენები. ცხოველთა სადგომი პატარა ტიხრით არის გამოყოფილი.
ასეთი სახლები ზაფხულში გრილი, ზამთარში კი თბილია. მის ასაშენებლად ჯერ ოთხივე კუთხეს აშენებენ, შემდეგ კი ამ კუთხეებს ერთმანეთთან კრავენ ერთმანეთზე ჩადგმული განივი კოჭებით; კარის ჩარჩოს სიგრძეზე მოთავსებულ ღარებში ფიცრებს აცურებენ. სახურავი ეყრდნობა ოთხ ჩალანგარს, რომლებსაც ლატანი და იატაკიდან სახურავის წვერამდე აღმართული რამდენიმე ჭოკი იკავებს. ასეთი ნაგებობები, რომლებსაც ლურსმნის გარეშე აშენებენ და, შესაბამისად, მათი დაშლა და სხვაგან გადატანა ადვილად შეიძლება, საიმედოდ მყარია.
შეძლებული მემამულე სხვა ტიპის ნაგებობაში ცხოვრობს, ნაკლებად პრიმიტიულში და საკმაოდ კომფორტულში. გარანდული კოპიტის ან მუხისგან აშენებული ასეთი სახლები ერთსართულიანია. ნაგებობის ქვედა ნაწილი ქვისაა, გარედან კირით არის შელესილი. კარ-ფანჯარა თაღისებურია - სპარსულ ყაიდაზე გაკეთებული. შენობა თბება ბუხრით, რომელშიც ცეცხლი ღიად ანთია. სახლს წინა ფასადზე და, ზოგჯერ გვერდებზეც, გრძელი გადახურული აივანი დაუყვება - ხეზე ფიგურული ამონაჭრებით. აივანი ხის საგულდაგულოდ გაკეთებულ სვეტებს ეყრდნობა. სახლებს დაქანებული სახურავი აქვთ - ცულით გაპობილი მუხის თხელი ფიცრები, რომლებიც ერთმანეთზე კრამიტებივით სამ ფენად აწყვია.
სახლის შიდა მოწყობილობა შედგება ტახტებისაგან, რომლებიც დღისით ნოხებითა და მუთაქებითაა მოფენილი, ღამით კი ლოგინის მოვალეობას ასრულებს. სახლში ასევე არის ორი ან სამი მაგიდა ჩაისთვის და კედელზე ჩამოკიდებული სხვადასხვა იარაღი, ჯიხვის რქები, რამდენიმე ქრომოლითოგრაფია. ხატი ოთახის კუთხეში კიდია.
საცხოვრებელი სახლების უმეტესი ნაწილი განლაგებულია ოდნავ ამაღლებულ ტაფობზე, სადაც ჰაერი უკეთესია ვიდრე დაბლობზე. ზოგიერთი სახლი ტყის სიღრმეშია ჩამალული.
გლეხის კარმიდამო მეტ-ნაკლებად ვრცელი ადგილია, რომელიც სხვადასხვანაირად არის შემოღობილი: ზოგან ხის ღობე შიგ გაჭრილი მაღალი და სახურავიანი კარით, ზოგან კი დაწვენილი ხეები, რომლებსაც X ფორმით გადაჯვარედინებული ხიმინჯები იჭერს, და ასეთ ღობეში შესასვლელად მოძრავი განივი კოჭით გადაღობილი ნახევრამდე დახურული კარია, რომელზეც საქონელი ვერ გადავა.
სამოსახლო ადგილს დიდი ყურადღებით არჩევენ, იგი აღმოსავლეთის ქარისგან უნდა იყოს დაცული. გლეხს უკვე აღარ უნდა ეშინოდეს ბატონის მოურიდებელი თვალისა და გულისთქმის, ძველად ადვილად რომ შეეძლო მისთვის ლამაზი ქალიშვილი, ცოლი ან საქონელი წაერთმია, რომელსაც გავლისას შენიშნავდა. მიუხედავად ამისა, დღეს სიფრთხილის სხვა ზომებია მიღებაც არის საჭირო. პირველ ყოვლისა, თუ სახლის პატრონი ქურდობს, საჭიროა, რომ მან საკუთარი სახლიდან ადვილად დაინახოს თუ რა ხდება გარეთ, ვინ მოდის, რომ დროულად მოასწროს გაქცევა და მოპარული საქონლის გადამალვა. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ მოგზაურობიდან მოულოდნელად დაბრუნებულმა თავადმა, რომელსაც უღირსად ატყუებენ საკუთარი მმართველები (გლეხებს თვითნებურად ახდევინებენ ზედმეტ გადასახადს და მას არ აღრიცხავენ), ვერ შეძლოს იმის შემჩნევა, რომ იჯარით აღებული მიწა ათჯერ უფრო დიდია ვიდრე გადახდილი გადასახადი. სწორედ ამიტომ გლეხები იშვიათად აგებენ სახლებს გზის ნაპირას და თუ მაინც ააგეს, ასეთ შემთხვევაში ეზო ყოველთვის ბლაგვ კუთხეს ქმნის გზასთან მიმართებით.
ჩვეულებრივ, სახლი ამწვანებული ხეების მიღმა არის ჩამალული. ვიწრო ბილიკი იქამდე ზიგზაგებით მიდის. ეზოს გარშემო შემოვლებული წნული ღობე გარედან შემოსული საქონლისაგან იცავს სიმინდსა და ხილს, და, განსაკუთრებით, გარეშე თვალთაგან ნიღბავს იქ მიმდინარე ცხოვრებას.