რელიგია
ჟიულ მურიეს მიხედვით
სამეგრელო ყოველთვის იმ რელიგიას აღიარებდა, რომელსაც საქართველო. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ეს პირვანდელი კულტი ერთი ღმერთისა და ქართველი ერის ფუძემდებლის - ქართლოსის საფლავის თაყვანისცემაში მდგომარეობდა. მოგვიანებით ერთი ღმერთისადმი რწმენა თანდათან შეირყა, დამახინჯდა და ადგილობრივებმა თაყვანი სცეს მზეს, მთვარეს, ვარსკვლავებსა და ცხოველებს. მეზობელ ხალხებთან - სპარსელებთან, თურქებთან, ასურელებთან და ბერძნებთან შერეული ქართველები სწავლობდნენ მათ ენას, თანდათანობით კარგავდნენ საკუთარ ძველ სარწმუნოებას და უფრო მეტად წარმათები ხდებოდნენ, ვიდრე თვითონ წარმათები. ალექსანდრე დიდის ლაშქრობის შემდეგ მათ აღმართეს ორი კერპი: გაცი და გაიმი. საქართველოს მეფე ფარნავაზ I-მა მცხეთის მახლობლად მთაზე, ქართლოსის საფლავზე სპილენძის მესამე კერპი აღმართა - ეს იყო არმაზი. კერპი ძვირფასი ქვებით მორთული ოქროს აბჯრით იყო დაფარული და თავზე დადგმული გვირგვინი თვალმარგალიტით უბრწყინავდა. ამ ღვთაებას თაყვანს სცემდნენ და მის საპატივცემულოდ სხვადასხვა საზეიმო ცერემონიები დააწესეს. მომდევნო მეფეებმა მიუმატეს კერპები: ზადენი, აფროდიტე და სხვ., მაგრამ არმაზი ყველაზე დიდ ღვთაებად დარჩა და მის პატივსაცემად განსაკუთრებული დღესასწაული იმართებოდა. დღესასწაულზე ქართველთა მეფე განსაკუთრებით საზეიმოდ ირთვებოდა. იგი წარჩინებულთა და მდაბიოთა ამალით გამოდიოდა და გარემოს დაფდაფებისა და საყვირის გუგუნი აზანზარებდა. მსხვერპლად სწირავდნენ ხარებს, ცხვრებს და გარეულ ცხოველებს. ამ რიტუალის შემდეგ გამართული ცეკვა-თამაში, ნადიმი და გართობა სამ დღეს გრძელდებოდა.
გამართული ცეკვა-თამაში, ნადიმი და გართობა სამ დღეს გრძელდებოდა.
სწორედ იმ მთებსა და ადგილებზე, რომლებიც წარმართთა კულტს ემსახურებოდა და სადაც ეს დღესასწაულები ტარდებოდა, ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ აღიმართა პირველი ეკლესიები და სწორედ ამ ადგილას დღესაც იმართება ქრისტიანული რიტუალები.
ამ ქვეყანაში ცნობებს კერპთაყვანისმცემლობის შესახებ „ქართლის ცხოვრებასთან“ ერთად ლეგენდები, დღევანდელი წეს-ჩვეულებები და უცხოელ მწერალთა ჩანაწერები გვაწვდის.
საქართველოში ყველაზე პოპულარული ლეგენდა ამირანს ეხება. ის ბოროტი ღვთაებაა, რომელიც განრისხებულმა ღმერთმა დედამიწაზე დაანარცხა და კავკასიონზე მიაჯაჭვა. ამირანი ზეადამიანურ ძალას იკრებს, რომ განთავისუფლდეს, მაგრამ ვინაიდან ღვთის მრისხანება მარადიულია, ამირანიც მარადიულად იტანჯება.
სამეგრელოში წარმართობის სხვა გადმონაშთიც არსებობს - ეს არის ტყეების თაყვანისცემა. აფხაზეთში, სამეგრელოსა და დანარჩენ საქართველოში ხალხის წარმოსახვა ტყეს პატივს ისევე სცემს, როგორც ინდოელები, სპარსელები, ბერძნები, სკანდინავიელები, კელტები და ეგვიპტელები. ეს ხალხები თაყვანს სცემდნენ არა მარტო ტყეს, არამედ კონკრეტულ ხეებსაც კი. აფხაზეთში ეს რელიგიური გრძნობა დღესაც ისევე არსებობს, როგორც ჯერ კიდევ პროკოპი კესარიელის დროს იყო. ჩერქეზები სპეციალურად ჭრიდნენ მსხლის ხეს, რომელსაც ისინი ცხოველთა მფარველად მიიჩნევდნენ, მიჰქონდათ თავიანთ საცხოვრებლებში და იქ დიდი მოწიწებით ინახავდნენ.
საიდან გაჩნდა სამეგრელოში ტყეების თაყვანისცემის ჩვეულება? ჰეროდოტე მოგვითხრობს, რომ სესოსტრისმა მდინარე ფაზისის შესართავთან კოლონია დაარსა. იქნებ სწორედ ამ ეგვიპტელებმა გადასცეს მეგრელების წინაპრებს ტყის კულტი? ამ აზრს ეთანხმება ალექსანდრე მორო დე ჟონესს და კიდევ უფრო შორსაც მიდის: ამ კულტით მას სურს ახსნას ლეგენდარული ოქროს საწმისის წარმოშობა, რომელიც ხეზე ისევე იყო ჩამოკიდებული, როგორც ის ოქროსა და ვერცხლის შესაწირავი, რომლითაც ეგვიპტეში ხეებს რთავდნენ.
ზუგდიდიდან 158 კილომეტრის დაშორებით, ურთავს მაღლობზე, სრულიად განცალკევებულ ადგილზე მდებარეობს წმინდა გიორგის ძველი ეკლესია. წმინდა გიორგი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი წმინდანია. 23 აპრილს, მისი ხსენების დღეს, განთიადისას მთის მწვერვალიდან სპილენძის უზარმაზარი საყვირი ახლო-მახლო მცხოვრებლებს უხმობს. სანოვაგით დატვირთული მოსახელობა ფეხით თუ ცხენით მიუყვება ძველ და ოდნავ გაკვალულ ბილიკს, რომელიც დიდი ტყისაკენ მიემართება. აქ უზარმაზარი ხშირტოტებიანი წიფლის ხეების ძირში, სადაც ძლივს შემოღწეული მზის რამდენიმე სხივი იდუმალ ნათებას ქმნის, ისინი მოწიწებით იჩოქებენ და ქვის საკურთხეველზე, ხის ჯვრის ქვეშ მოთავსებულ წმინდანის ხატს თაყვანს სცემენ. აქვე აწყობენ შესაწირავს: ბატკნის თავები, პური, ყველი, სანთლები და ფული. შემდეგ წრეზე დამსხდარი მომლოცველები ჭამენ, სვამენ, თოფიდან ისვრიან და ერთად ეშვებიან ცაიშში, სადაც თამაშა იმართება. დღესასწაული ცეკვებითა და ცხენების ჭენებით სრულდება.
გორდში დადიანების სასახლესთან, მაღლობზე, რომელიც ეკლესიას დასცქერის, ერთი დიდი ხნის ნაძვი მოჩანს, რომლის კენწერო ელვისაგან ნახევრად დამწვარია. ხის ძირას დიდი ბრტყელი ქვაა, რომლის ზევითაც კაპიკიანებითა და სანთლებით სავსე ხის ფუღუროა. ეს ხე ცრუმორწმუნეთა თაყვანისცემის ობიექტია. მათი აზრით, აქ ავი სულები ცხოვრობენ და ღამით ვერავინ ბედავს ხესთან მიახლოვებას!