top of page
IKA05868-72.jpg

მასპინძელი – სახლისა და ლხინის უფალი

KI2A6270.jpg

ქართული ეთნოკულტურის შესაწავლად საუკეთესო საშუალებაა ქართული სუფრის წესების, სამზარეულოსა და სტუმართ-მასპინძლობის ტრადიციების გაცნობა. 

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სტუმრის გამასპინძლებისას  გაშლილ სუფრაზე შეხვდებით ამ კუთხისთვის დამახასიათებელ  კერძებსა და ღვინოს.  საქართველოში  სტუმარი ღვთის კაცად, ღვთის გამოგზავნილად ითვლებოდა. მასპინძლის, მთავარი  მოვალეობა მოსული სტუმრის საუცხოოდ გამაპინძლება იყო.  ძველად საქართველოში სტუმრის ღირსეულად გამასპინძლება ოჯახის ავკარგიანობის მთავარ განსაზღვრებად ითვლებოდა. დღსაც ქართველები გულმოდგინედ იცავენ სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციას. საინტერესოა, რომ ქართულ ენაში ყველაზე საუკეთესო რამ - „საუცხოოს“ ეპითეტით მოიხსენიება,  ის რაც განკუთვნილია უცხოსთვის, სტუმრისთის. 

სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციით კი განსაკუთრებით სამეგრელო გამოირჩევა. მეგრულ სტუმართ-მასპინძლობაზე მკვლევარი და ეთნიგრაფი თედო სახოკია დაახლოებით საუკუნის წინ წერდა: 

მასპინძლები, როგორც სტუმართმოყვარე მეგრელები, მოხარულნი არიან მოულოდნელად მოსულ სტუმრებისა, ქათინაურებს უძღვნიან ნახვისათვის, სთხოვენ პატივი სცენ და ღამე მათთან დარჩნენ და რაც შეგვეძლება, ვეცდებით თქვენი საკადრისი პატივი გცეთო... სტუმრები, რა თქმა უნდა, მეგრულ სტუმრობის მიხედვით, უარზე დადგებიან მასპინძლები „ჭირს მოსჭამენ“, სანამ არ დაიყოლიებენ და არ დაითანხმებენ ღამე დარჩენაზე. დაიწყებენ ლაპარაკს. საგანი ლაპარაკისა იყო: დარი, მოსავალი, ავადმყოფობა თუ სიკვდილი ამა თუ იმ მეზობლისა, ერთი სიტყვით, ყველაფერი... ამზადებენ სანაქებო ვახშამს.

სუფრაზე ღვინო იმდენი  უნდა იყოს, რომ ყველას სათრობადა ჰქონდეს; რაც უფრო მეტი სტუმარი ადგება სუფრიდან მთვრალი... მით უფრო მეტს ილაპარაკებენ ამაზე. სამეგრელოში  მდიდრული ლხინი ერთგვარად ისტორიული ამბის დარია...

მეგრულმა სტუმართმოყვარეობამ, ჯერ კიდევ მეჩვიდმეტე საუკუნეში მიიქცია იტალიელი მოგზაურის, არქანჯელო ლამბერტის ყურადღება, იგი წერდა რომ სტუმრების მისაღებად მეგრელებს ცალკე სივრცე ჰქონდათ გამოყოფილი, რომელსაც ოხორო ეწოდებოდა -

„ალაყაფის კარებში რომ შეხვალთ, პირველად წარმოგიდგებათ ყველაზე უფრო დიდი შენობა, რომელსაც მეგრულად ოხორო (Ocho’rs) ჰქვიან და რომელიც სტუმრების მისაღებად არის დანიშნული. როგორც კი შინაურები შენიშნავენ, რომ ვინმე უცხო შემოვიდაო ეზოში, მაშინვე მიეგებებიან და შეიყვანებენ ოხოროში, სადაც სტუმარი, თუ ზამთარია, ცოტაოდნად ცეცხლს მოითბობს, მოისვენებს და მერე სახლის პატრონტან მიიყვანებენ. ოხოროში ზამთრობით ცხენები აბია, რათა ხელად ჰყავდეს, თუ უეცრად დასჭირდა. “

ძველად ყველა ოჯახს წინდაწინ ჰქონდა გათვლილი, თუ სად უნდა მიეღო და მოესვენებინა მოსული სტუმარი.

სტუმართ-მასპინძლობის ტრადიცია, საქართველოში დღემდე გრძელდება და იგი ქართული, კავკასიური  კულტურის განუყოფელი ნაწილია.

IKA00720.jpg
bottom of page